ნატო-ს გაფართოება შეცდომაა და დიდ ზიანს აყენებს ევროპაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სერბულ საინფორმაციო სააგენტო „ბეტა“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ნატო-ს გაფართოება შეცდომაა და ამავდროულად ჯენტლმენური შეთანხმების დარღვევა. ჩვენ არაერთხელ გავაფრთხილეთ ჩვენი კოლეგები ნატო-ში, რომ ეს ხაზი არა მხოლოდ 1990-ში მიღწეული შეთანხმების დარღვევაა, არამედ სერიოზული გამოწვევაა ევროპაში სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რასაც ნატო აკეთებს, ხელს არ უწყობს არავის უსაფრთხოებას.
„რაც ახლა ხდება, ხელს არ უწყობს ნატო-ს შესაძლებლობებს რეაგირება მოახდინოს რეალურ საფრთხეებზე. ვერ ვხედავ თუ როგორ გახადა ნატო-ს გაფართოების სამმა ტალღამ ეს ორგანიზაცია უფრო ქმედითუნარიანი“, - დასძინა სერგეი ლავროვმა.