სააგენტო „ფირატის“ ინფორმაციით, აფრინის საავადმყოფოს ექიმები ვარაუდობენ, რომ თურქმა სამხედროებმა და მათ მხარეს მებრძოლმა დაჯგუფებამ „სირიის თავისუფალმა არმიამ“ პარასკევს მოსახლეობის წინააღმდეგ მომწამვლელი ნივთიერება გამოიყენა.
„ექვსი ადამიანი აფრინში გაზით მოიწამლა, ორი მათგანი ჯერ კიდევ მძიმე მდგომარეობაშია. ოთხი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ახლა ვცდილობთ დავადგინოთ თუ რომელი სახეობის მომწამვლელი გაზი გამოიყენეს დაბომბვისას“, - განუცხადა სირიულ სააგენტო „სანას“ ადგილობრივი საავადმყოფოს დირექტორმა ჯოან მოჰამედმა.
სააგენტო „სანას“ ცნობით, დაბომბვების შედეგად აფრინში ათობით ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები დაიღუპა.
თურქეთმა სამხედრო ოპერაცია „ზეთისხილის ტოტი“ აფრინში 20 იანვარს დაიწყო. თურქეთის გენშტაბის მიერ დღეს გაკეთებული განცხადების თანახმად, ოპერაციის დაწყებიდან დღემდე ქურთული დაჯგუფებებისა და „ისლამური სახელმწიფოს“ 1595 წევრია ლიკვიდირებული.