კიოლნის უნივერსიტეტის დოქტორანტის მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, ქართველების მიერ გერმანიაში ჩადენილ დანაშაულთა რაოდენობა არ არის იმ განზომილების, რომ ის გერმანიის მიერ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მოთხოვნის საფუძველი გახდეს.
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ გაქვეყნებულ კომენტარში მიხეილ სარჯველაძე განმარტავს, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეზღუდვას ითხოვს არა გერმანიის ფედერალური მთავრობა, არამედ გერმანიის ერთ-ერთი მხარის, ნორდრაინ-ვესტფალიის მთავრობა, უფრო კონკრეტულად კი მხარის მთავრობის ერთ-ერთი მინისტრი იოახიმ შტამპი, რომელიც გერმანიის თავისუფალ დემოკრატიულ პარტიას (FDP) წარმოადგენს. FDP-ი, მართალია 2017 წლიდან წარმოდგენილია ნორდრაინ-ვესტფალიის მთავრობაში, მაგრამ არა გერმანიის ფედერაციულ მთავრობაში, შესაბამისად, სარჯველაძის თქმით, მინისტრ შტამპის მოთხოვნა რეალურად ვერ მოახდენს უშუალო ზეგავლენას გერმანიის მთავრობის პოზიციაზე.
„მინისტრის მოთხოვნა საქართველოსთან დაკავშირებით ორლინგჰაუზენში არსებულ მწვავე კრიმინოგენულ მდგომარეობაზე რეაგირება იყო, რაც უშუალოდ შედის მისი, როგორც ინტეგრაციის და ლტოლვილთა მინისტრის კომპეტენციაში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქმე ეხება ერთ კონკრეტულ საერთო საცხოვრებელს, კონკრეტულ ქალაქს და არა გერმანიის მთლიან ტერიტორიაზე არსებულ ვითარებას. უნდა ვივარაუდოთ, რომ იოახიმ შტამპს რეალპოლიტიკური მიზნებიც ამოძრავებს. რეალურად იოახიმ შტამპის და ზოგადად ნორდრაინ-ვესტფალიის მთავრობის პოზიცია ან მოთხოვნა ფედერაციული მთავრობის პოზიციაზე ნეგატიურად ვერ აისახება, რადგან განცხადების გაკეთების მიზეზი გახდა ლოკალური პრობლემა, რომელიც მხოლოდ ერთ კონრეტულ ქალაქს/მხარეს ეხება; მინისტრი წარმოადგენს ოპოზიციურ პარტიას; ზოგადად, გერმანიაში ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკა არ არის იმ განზომილების, რომ ის ამ ეტაპზე გერმანიის მიერ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მოთხოვნის საფუძველი გახდეს“, - აცხადებს სარჯველაძე.
თუმცა თუ არ შემცირდება ქართველი თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობა, სარჯველაძის აზრით, შესაძლოა ახლო მომავალში ეს განვითარება ნეგატიურად აისახოს ფედერალური მთავრობის პოზიციაზე.
„მართალია გასულ წელთან მიმართებაში თავშესაფრის მაძიებლების რიცხვი საქართველოდან ოდნავ შემცირდა, მაგრამ 3462 განაცხადი 2017 წელს უვიზო მიმოსვლის ამოქმედების ფონზე საქართველოს კრიტიკის საშუალებას აძლევს უვიზო მიმოსვლისადმი კრიტიკულად განწყობილ პოლიტიკურ ჯგუფებს. ქართველების მიერ ჩადენილ დანაშაულთა და ქართველ ეჭვმიტანილთა რიცხვი მაღალია ზოგადად ქართველ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობასთან შეფარდებით და შესაძლოა, ეს საკითხი სამომავლოდ პრობლემატური გახდეს ქართული მხარისთვის. პრობლემატური პირველ რიგში არა მისი განზომილების გამო საერთო გერმანულ კონტექსტში, არამედ უვიზო რეჟიმის გათვალისწინებით მისი მარტივად ინსტრუმენტალიზების შესაძლებლობის გამო. პოპულისტური ძალების გაძლიერება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, მათ შორის გერმანიაში ე.წ. ტრადიციულ პარტიებს აიძულებს უფრო მკაცრ რიტორიკას მიმართოს მიგრანტთა საკითხებში, ვიდრე მაგალითად, 3 წლის წინ. სწორედ ამიტომ, საქართველო მაქსიმალურად უნდა შეეცადოს, რომ მარტივად არ გახდეს თავდასხმის ობიექტი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში უვიზო მიმოსვლას საფრთხე არ ემუქრება. გერმანია ევროკავშირში საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია და ბერლინი აქტიურად ეხმარება საქართველოს ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციის პროცესში“, - აცხადებს სარჯველაძე.
მისივე თქმით, მხოლოდ კონტროლის გამკაცრება მათ მიმართ, ვინც უვიზო მიმოსვლის წესებს გამიზნულად არღვევს სამომავლო პერსპექტივაში საკმარისი არ იქნება.
„საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი ზომები მაგალითად, რიად მისიის ხარჯის დამრღვევებისთვის დაკისრება ან გვარის შეცვლასთან დაკავშირებული პროცედურების გამკაცრება დიდი ალბათობით შეამცირებს დამრღვევთა რიცხვს, თუმცა აღნიშნული ზომები უვიზო მიმოსვლის დარღვევის ძირითად გამომწვევ მიზეზებს – სიღარიბეს, უმუშევრობას, განათლების სისტემაში არსებულ სოციალურ უთანასწორობას და ზოგადად სოციალური დაუცველობის პრობლემას ვერ გადაჭრის“, - ნათქვამია საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუსის (GIP) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში