მიგულეთ მე და ჩვენი გუნდის თითოეული წევრი მეგობრებად, რომელთანაც შეგიძლიათ ღიად ისაუბროთ

მიგულეთ მე და ჩვენი გუნდის თითოეული წევრი მეგობრებად, რომელთანაც შეგიძლიათ ღიად ისაუბროთ

მიგულეთ მე და ჩვენი გუნდის თითოეული წევრი მეგობრებად, რომელთანაც შეგიძლიათ ძალიან ღიად, გახსნილად და გულახდილად ისაუბროთ ნებისმიერ საკითხზე, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მასშტაბით საკრებულოების ახალგაზრდა წარმომადგენლებს, რომლებიც თბილისის საკრებულოში არიან შეკრებილი.

"მივესალმები ამ შესანიშნავ იდეას, რომ საქართველოს მასშტაბით საკრებულოების ახალგაზრდებმა დააფუძნონ ერთიანი პლატფორმა, სადაც ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილი, ჩვენი ახალგაზრდები შეიკრიბებიან, გაცვლიან ახალ იდეებს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობას მსგავსი პლატფორმის შექმნა აუცილებლად გამოადგება. მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე და გითხრათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ერთად ყოფნა. უპირველეს ყოვლისა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ახალი ენერგია შემოვიდეს ქართულ პოლიტიკაში. იქ, სადაც არის ასეთი მოძრაობა და სიახლის შემოსვლა გაადვილებული , ასეთი სისტემა არის გამართული. საერთოდ, მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ტენდენცია ჩამოყალიბდა ბოლო თვითმმართველობის არჩევნებზე და საკრებულოების შემადგენლობა მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა. ეს არის ის ტენდენცია, რომელიც ჩვენი ქვეყნის ჯანსაღ განვითარებაზე მიუთითებს. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი და ის სიახლეები, რომელმაც უკეთესობისკენ უნდა შეცვალოს საქართველო", - განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, ახალი იდეებისადმი გახსნილობა არის სწორედ ქვეყნის გადარჩენა და სწორი გზა.

პრემიერის განცხადებით, ეს არის გზა, რომელიც საქართველოს სწრაფ განვითარებას და მოსახლეობას კეთილდღეობას მოუტანს.

გიორგი კვირიკაშვილმა "სტარტაპ საქართველოს" პროექტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მისი დაწყებისას სწორედ ახალგაზრდები აქტიურობდნენ.

"ძალიან სასიხარულოა, რომ ეს სამეწარმეო სულისკვეთება სწორედ ახალგაზრდებმა აიტაცეს. ჩვენ უკვე წარმატებული დამწყები ბიზნესმენები გვყავს, რომლებმაც წარმატებული ბიზნეს პროექტები დააფინანსეს ამ პროგრამის მეშვეობით. მე ყველას აქტიურობისკენ მოვუწოდებ. არასოდეს შეიკავოთ თავი საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიციის გამოხატვისგან, რადგან სწორედ ამ გახსნილობაშია ჩვენი ქვეყნის განვითარების სწორი გასაღები და კიდევ ერთხელ გილოცავთ. მივესალმები საკრებულოს ინიციატივას და ძალიან კარგია, რომ სწორედ აქ ხდება ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილის შეკრება. არავინ მიწყინოს, მაგრამ ნამდვილად ახალგაზრდობაა ჩვენი ქვეყნის იმედი და ხვალინდელი დღე. მოგესალმებით, მიგულეთ მე და ჩვენი გუნდის თითოეული წევრი მეგობრებად, რომელთანაც შეგიძლიათ ძალიან ღიად, გახსნილად და გულახდილად ისაუბროთ ნებისმიერ საკითხზე", - აღნიშნა პრემიერმა.