ელექტრონული რეცეპტული სისტემა ჩვენ მოგვცემს საშუალებას, რეალურ რეჟიმში დავინახოთ, ვინ რამდენ წამალს წერს, ვინ როგორ აკეთებს ამას, - ამის შესახებ ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ პოლიპრაგმაზიის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
თუმცა ამასთან, აკაკი ზოიძე ძირითად პრობლემას ექიმბაშების, მეზობლების და სხვადასხვა საეჭვო რეპუტაციის მქონე ადამიანების მიერ დანიშნული და ნარჩევ წამლებზე ფულის დახარჯვაში ხედავს, „რომელიც ამ ადამიანებს შეუძლიათ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად გამოიყენონ“.
„განსაკუთარებით, საუბარია ხანშიშესულ ადამიანებზე, ქრონიკულ პაციენტებზე, რომლებსაც ნაცვლად 2 მედიკამენტისა, 15 -20 მედიკამენტს უწერენ. ვურჩევ, რომ თითოეულ ასეთ შემთხვევაში მივიდნენ სოფლის ექიმთან, ოჯახის ექიმთან. მათ ექნებათ კონკრეტული მეთოდოლოგიური რეკომენდაციები, გაიდლაინები. ამ წელს და მომავალ წელს ჩვენთვის პრიორიტეტი იქნება პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, მათ შორის, ქრონიკული დაავადებების მართვა იმისთვის, რომ ზედმეტი მკურნალობა არავის სჭირდებოდეს“, - განაცხადა ზოიძემ.
თავის მხრივ, ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ აღნიშნა, რომ პოლიპრაგმაზია უცნობი არ არის და ამ პრობლემის მოსაგვარებლად ძალიან ეფექტური მუშაობა მიმდინარეობს.
"ზოგადად, გლობალურ მედიცინაში არსებობს ასეთი მცნება, რომელსაც პოლიპრაგმაზია ჰქვია, როდესაც ექიმები იმაზე მეტ წამალს უწერენ პაციენტს, ვიდრე რეალურად არის საჭირო. ამას თავისი მიზეზები აქვს. ნაწილობრივ გარკვეული მარკეტინგული ინტერესები, ნაწილობრივ, ექიმის მიერ თავის დაზღვევა, რომ პაციენტს რამე არ დააკლდეს. ეს მიმართულება უცნობი არ არის ჩვენთვის და გარწმუნებთ, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად ძალიან ეფექტური მუშაობა მიმდინარეობს", - განაცხადა სერგეენკომ.