არ მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის ნებისმიერი ინიციატივა და მისი კომენტარები ყურადსაღებია, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებას ოპოზიციისადმი, რომ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საერთო კანდიდატი პრაიმერის გზით შეარჩიონ.
"მას თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს. ცდილობს, მუდმივად ყურადღების ცენტრში იყოს და ხან აბსურდულ, ხან რეალობისგან აბსოლუტურად მოწყვეტილ კომენტარებს გვახვევს თავს. რამდენად მოიხვევს ამას თავს ოპოზიცია, მეორე საკითხია. მე ვფიქრობ, საკმაოდ ეკლექტურია ოპოზიცია - სხვადასხვა გეგმები, მიზნები და ამოცანებია მათ წინაშე და არჩევნები ყველა შემთხვევაში საკმაოდ საინტერესო იქნება", - განაცხადა ვოლსკიმ.
რაც შეეხება მოქმედი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შანსებს საპრეზიდენტო არჩევნებში, ვოლსკი ამაზე საუბრისგან თავს იკავებს.
"მე არ მინდა გიორგი მარგველაშვილის პიროვნება შევაფასო. როგორი კანდიდატი იქნება - ეს საზოგადოების გადასაწყვეტია. მისი პოზიციები უამრავ საკითხთან დაკავშირებით განსხვავდება უმრავლესობის პოზიციებიდან და ამ განსხვავებებში გაცილებით უკეთესი პოზიცია არის უმრავლესობის მხარეს, თუმცა, მისი დღევანდელი მოღვაწეობა, თუნდაც საპირისპირო აზრების ხშირი ჭიდილით, საქართველოში დემოკრატიულობას უსვამს ხაზს",- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.