ვერ გეტყვით, როგორი იქნება სააკაშვილის რჩევა თუ შეგონება ოპოზიციისთვის, არ მგონია, მას განსაკუთრებული ღირებულება ჰქონდეს

ვერ გეტყვით, როგორი იქნება სააკაშვილის რჩევა თუ შეგონება ოპოზიციისთვის, არ მგონია, მას განსაკუთრებული ღირებულება ჰქონდეს

ოპოზიცია თავად გადაწყვეტს, როგორ დაალაგებს თავის სტრატეგიას, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა.

დეპუტატი გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელმაც ოპოზიციის ნაწილს გაერთიანებისკენ მოუწოდა.

"ნუ ვიჩქარებთ, ყველაფერს თავისი დრო და ეტაპი აქვს. მე ვერ გეტყვით როგორი იქნება სააკაშვილის რჩევა თუ შეგონება ოპოზიციისთვის, არ მგონია, რომ მას განსაკუთრებული დატვირთვა და ღირებულება ჰქონდეს, გარდა იმ ჯგუფისთვის, რომელსაც ის წარმოადგენს. ამიტომ არ ვისაუბრებ ამაზე სერიოზულად. რაც შეეხება იმას, თუ როდის დასახელდება ჩვენი კანდიდატი და ვინ იქნება, ამას თავისი დრო აქვს. არც ისე დიდი ხანია დარჩენილი. წელს ჩვენ გვაქვს საპრეზიდენტო არჩევნები და ჩვენს გეგმებზე ბუნებრივია ვისაუბრებთ", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

კითხვაზე, რამდენად სასურველი პარტნიორი იქნება გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციისთვის, ბესელია პასუხობს - "ვისთვის როგორ".

"თავს შევიკავებ ასეთი პროგნოზებისგან, რადგან ქართულ პოლიტიკურ რეალობას, რომელსაც ბოლო წლებში ვაკვირდებით, აქვს თავისი დამახასიათებელი თავისებურებები. ძალიან კარგად ვიცი რამდენად რთულია გაერთიანება ერთი კანდიდატის ორგვლივ, ამიტომ ოპოზიცია თავად გადაწყვეტს, როგორ დაალაგებს თავის სტრატეგიას. ჩვენ ვიცით რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის ერთიანობის და სტაბილურობის იდეა, ამიტომ კანდიდატის დასახელების დროსაც ბევრი ფაქტორი იქნება გათვალისწინებული", - განაცხადა ეკა ბესელიამ.