საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ადასტურებს, რომ მედიკამენტების პროგრამით მოსარგებლე ადამიანების რიცხვი მცირეა. როგორც სერგეენკომ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, ამის მიზეზი ბიუროკრატიული ბარიერები და საინფორმაციო კამპანიის ხარვეზებია.
”14 000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა ამ პროგრამით, თითოეული მათგანი მნიშვნელოვანია. მუდამ გვქონდა ეს კითხვები, რომ შესაძლებლობა ამ პროგრამით სარგებლობის აქვს ბევრად მეტს, თუმცა სარგებლობს ძალიან ცოტა. რისკების შეფასება გავაკეთეთ რამდენიმე მიმართულებით: ხომ არ იყო ადმინისტრირების ბარიერები ანუ რთული ბიუროკრატიული ბარიერების გადალახვა ხომ არ უწევდა პაციენტს მედიკამენტების საყიდლად. ვნახეთ, მაგრამ არა დომინანტი პრობლემა, რომელსაც მოევლება. კერძოდ, ეს არის ელექტრონულ რეცეპტზე გადასვლა, როდესაც პაციენტს ქაღალდის წაღებაც კი არ დასჭირდება, ანუ ადმინისტრირება გაძლიერდება. მეორე მხარე რამაც ასეთი დაბალი რიცხვი გამოიწვია, არის საინფორმაციო კამპანიის ხარვეზი. მე თვითონ უნდა მევლო ალბათ რეგიონებში და მე თვითონ უნდა განმემარტა ამ პროგრამის მნიშვნელობა”, - განაცხადა სერგეენკომ.
მისივე თქმით, მედიკამენტების პროგრამის პირველი ეტაპი გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველებზე.
”ჩვენ გავაკეთეთ მოდელირება ყველაზე ფართოდ გავრცელებულ ქრონიკულ დაავადებებზე, რომელსაც შეუძლია დაფაროს ამბულატორიული საჭიროებების 70%. ეს პროგრამა იმდენად აქტუალური იყო, რომ ნახევარი წლის განმავლობაში მედიისგან და სხვა შეხვედრებზე ვღებულობდით კითხვებს, თუ როგორი არის შეფასება, მიმდინარეობა, შედეგები და პერსპექტივა. იმისთვის, რომ ეს შეაფასო, გჭირდება ნახევარი წლის მონაცემები”, - აღნიშნა მინისტრმა.