ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მან აშშ-ისრაელის ალიანსი გააძლიერა, ხოლო პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაცია საშინელი იყო ისრაელის სახელმწიფოსთვის. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა „ისრაელ ჰაიომ“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნები გაცილებით ახლოს არიან ერთმანეთთან, ვიდრე აქამდე. ობამამ თქვენ მოგცათ ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმება, რომელიც ამბობს, მოდით საბოლოოდ ვავნოთ ისრაელს. ობამა საშინელი იყო ისრაელისთვის. ვფიქრობ, ახლა ჩვენი ურთიერთობები კარგია, როგორც არასოდეს“, - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპმა ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმება შეაფასა, როგორც ისრაელისთვის კატასტროფული.
„მიუხედავად იმისა, რომ ეს შეთანხმება იმპლემენტირებული იყო ობამას ადმინისტრაციის მიერ, თეირანის რეჟიმისა და მისი ბირთვული პროგრამის შეკავება უნდა მოხდეს. ეს შეთანხმება ისრაელისთვის კატასტროფულია. ეს შეთანხმება საშინელია ბევრი მხარისთვის, მაგრამ განსაკუთრებით საშინელია ისრაელისთვის“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
კითხვაზე, იქნება თუ არა ირანის ხელისუფლებაში ამჟამინდელი კლერიკალური ხელმძღვანელობა მისი საპრეზიდენტო ვადის დასრულებისთვის, დონალდ ტრამპმა უპასუხა: „მე დიდ ხანს ვიქნები და ვნახოთ რა მოხდება“.