„სარატოვის ავიახაზების“ კუთვნილმა სამგზავრო თვითმფრინავმა „ან-148“-მ სიმაღლე ადგილობრივი დროით 14:26 საათზე მკვეთრად დაკარგა, - ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ მომსახურების ცენტრ „FlightRadar24“-ზე დაყრდნობით იუწყება, რომელიც თვითმფრინავების გადაადგილებას აკვირდება.
ადგილზე მაშველების ორი „მი-8“ ტიპის ვერტმფრენი გაემგზავრა. აღმოჩენილია თვითმფრინავის ნარჩენები. ადგილზე მისული მაშველების განცხადებით, თვითმფრინავის ნაწილები, დაახლოებით, ერთი კილომეტრის მონაკვეთზეა გაფანტული.
თვითმფრინავის ვარდნის ადგილზე კატასტროფის მედიცინის შვიდი ბრიგადა იმყოფება. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში თვითმფრინავის მგზავრთა ახლობლებისთის საგანგებო ცხელი ხაზი ამუშავდა.
ბორტზე 71 ადამიანი, მათგან 65 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაღუპულთა ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა.