ისრაელის ხელისუფლება განაგრძობს ქვეყნის დაცვას მისი სუვერენიტეტისთვის ზიანის მიყენების ნებისმიერი მცდელობისგან, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გუშინ, სირიის საზღვართან მომხდარი ინციდენტის კომენტირებისას განაცხადა.
„მე ვესაუბრე აშშ-ს სახელმწიფო მდივანს რექს ტილერსონს ბოლო 24 საათის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე. ჩვენი პოლიტიკა სრულიად გამჭვირვალეა: ისრაელი თავს დაიცავს ნებისმიერი თავდასხმისა და მცდელობისგან, ზიანი მიაყენონ ჩვენს სუვერენიტეტს“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
ბენიამინ ნეთანიაჰუმ პასუხისმგებლობა გუშინდელ ინციდენტზე ირანსა და სირიას დააკისრა. „ისრაელი ირანსა და სირიას აკისრებს პასუხისმგებლობას მომხდარ ინციდენტზე. ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის საჭირო ზომების გატარებას. ირანი ცდილობს სირიის ტერიტორია გამოიყენოს ისრაელზე შეტევების მისატანად“, - დასძინა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
გუშინ დილით ისრაელის სამხედრო ვერტმფრენმა გოლანის მაღლობებთან ირანული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო, რომელიც ისრაელის ტერიტორიაზე სირიიდან შევიდა. ისრაელის თავდაცვის არმიამ საპასუხოდ ირანულ სამიზნეებზე მიიტანა შეტევა სირიაში და ირანული უპილოტო საფრენი აპარატის საკონტროლო პუნქტი გაანადგურა. ამის შემდეგ ისრაელის გამანადგურებლის მიმართულებით სირიის საჰაერო თავდაცვამ რამდენიმე საზენიტო რაკეტა გაუშვა. ერთ-ერთმა პილოტმა მძიმე დაზიანებები მიიღო.