საქართველო და უკრაინა რუსეთის აგრესიისგან ყველაზე მეტად დაზარალდნენ, ამიტომ ჩვენ ერთობლივი მოქმედებების გზების მოძებნას შევეცდებით

საქართველო და უკრაინა რუსეთის აგრესიისგან ყველაზე მეტად დაზარალდნენ, ამიტომ ჩვენ ერთობლივი მოქმედებების გზების მოძებნას შევეცდებით

საქართველო და უკრაინა ყველაზე მეტად დაზარალდნენ რუსეთის აგრესიისგან, შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ჩვენ ერთობლივი მოქმედებების გზების მოძებნას შევეცდებით, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იგორ დოლგოვმა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმის განახლებასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის შეთავაზების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.

„სანქციების მექანიზმი ეს არის საერთაშორისო მექანიზმი, ხოლო ორი სახელმწიფო, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა რუსეთის აგრესიისგან, არის საქართველო და უკრაინა. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ჩვენ ვეცდებით მოვძებნოთ ერთობლივი მოქმედებების გზები. სხვათა შორის, ასეც არის გათვალისწინებული სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაციით, რომელსაც გასული წლის ივლისში, თბილისში, უკრაინის და საქართველოს პრეზიდენტებმა მოაწერეს ხელი. საქართველო უკვე შეუერთდა სანქციებს, რომლებიც არსებობს ევროკავშირის მხრიდან. საქმე იმაშია, რომ სხვადასხვა ქვეყნებში, მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში მუშავდება დამატებითი მექანიზმი, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ შეზღუდოს რუსული კომპანიების ურთიერთანამშრომლობა იმ კომპანიებთან, რომლებიც დღეისთვის ფლობენ ყველზე მოწინავე ტექნოლოგიებს, რამდენადაც ეს ტექნოლოგიები პირდაპირ ზემოქმედებს თავდაცვისუნარიანობაზე და თავდაცვით წარმოებაზე. ჩვენ მოვძებნით დამატებით შესაძლებლობებს იმავე მიმართულებით, როგორც მოქმედებს აშშ და ევროპის კავშირი“, - განაცხადა უკრაინის ელჩმა.

უკრაინის ელჩის თქმით, მისთვის არ არის ცნობილი, რომ რაიმე კონკრეტული მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია თუ არა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა აცხადებს, რომ სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპი და ის სულისკვეთება, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს, აფიქრებინებს, რომ „ამ საკითხზე როგორც მინიმუმ ინფორმაცია უნდა გავცვალოთ“.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს შესთავაზა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმში ჩაერთოს. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, რომელიც პეტრო პოროშენკოსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შორის გამართულ შეხვედრას ეხება.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს მუშაობა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმის სრულყოფაზე და ქართულ მხარეს შეუძლია, მას შეუერთდეს.

"ამით შეიძლება, მეტი ყურადღება მივიპყროთ და ევროპას სტიმული მიეცეს, გააგრძელოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ შეგვიძლია დავამატოთ საქართველოს კომპონენტი, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხიდან გამომდინარე", - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.