მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ მოსახლეობაც იყოს დამუხტული და მოტივირებული დღის წესრიგით, რომელიც ევროკაშირთან გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერმა ბრიუსელში ვიზიტზე ისაუბრა და შეხვედრებზე განხილულ საკითხებს და მიღწეულ შედეგებს გაუსვა ხაზი.
პრემიერის თქმით, ევროკავშირი კვლავ რჩება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის თანმიმდევრულ და ძლიერ მხარდამჭერად.
“ვისაუბრეთ უსაფრთხოების საკითხზე, ევროკავშირი რჩება ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დამცველად, თანმიმდევრულ და ძლიერ მხარდამჭერად. ჩვენ ვისაუბრეთ სამომავლო ნაბიჯებზე ევროკავშირის კიდევ უფრო აქტიურად ჩართულობის კუთხით, კონფლიქტების მოგვარების საკითხებში. გვაქვს საკმაოდ საინტერესო გეგმები და დიდი იმედი გვაქვს, რომ ის ნაბიჯები, რომელსაც ვდგამთ ნდობის აღდგენის, ეკონომიკური აქტივობის გაზრდის კუთხით აფხაზებთან და ოსებთან, გამოიღებს ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს და ევროკავშირის ჩართულობა ჩვენი გეგმების განხორციელების მიმართულებით არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, საუბარი შეეხო ენერგეტიკის მიმართულებით საქართველოს მნიშვნელოვან როლს.
“ენერგეტიკის მიმართულებით ვისაუბრეთ საქართველოს მნიშვნელოვან როლზე. პოტენციალი, რომ კასპიის რეგიონის ნავთობი და გაზი საქართველოს გავლით მოხდეს ევროპაში კიდევ უფრო მაღალია და ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებითაც საინტერესო ახალი პროექტები გველოდება. მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ მოსახლეობაც იყოს დამუხტული და მოტივირებული ამ დღის წესრიგით, რადგან ეს არის გზა, რომელსაც საქართველო მიჰყავს კეთილდღეობამდე და ეს აუცილებლად მოიტანს ჩვენი მოსახლეობისთვის ხელშესახებ შედეგებს“, - აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, შეხვედრა გაიმართა ევროკომისართან ვაჭრობის საკითხებში, სესილია მალმსტრომთან, სადაც ცალკეული საწარმოებისთვის სერთიფიცირების საკითხი განიხილეს.
“სესილია მალმსტრომს შევთავაზეთ, რომ განვიხილოთ ცალკეული საწარმოებისთვის სერთიფიცირების საკითხი, რათა მათ შეძლონ ევროკავშირის ბაზარზე ნაწარმის გატანა მანამდე, ვიდრე მთლიანად ქვეყანაში განხორციელდება ინსტიტუციური და სისტემური რეფორმები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სხვა საწარმოებისთვის მოტივაციის შექმნის კუთხით, რათა წარმატებული შემთხვევები გახდეს მოტივაციის მიმცემი სხვებისთვის, რათა მათ შეძლონ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის პოტენციალის გამოყენების საშუალება. პრინციპული თანხმობა მივიღეთ და ვიწყებთ პროცედურებს, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ მეწარმეებს მივცეთ ევროპის ბაზარზე გასვლის საშუალება უმოკლეს ხანში. იმედი მაქვს, რომ ამ პროცედურებს მალე დავასრულებთ“, - აღნიშნა პრემიერმა.