აშშ მიიჩნევს, რომ რუსეთი მხარს უჭერს „ბირთვული ესკალაციის“ თეორიას შეიარაღებული კონფლიქტებისას და განაგრძობს თავისი ბირთვული არსენალის მოდერნიზებას, - ამის შესახებ აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მეტისმა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში მოსმენების დროს განაცხადა.
„რუსეთმა თავისი სტრატეგიული ბირთვული არსენალის მხოლოდ ნაწილი შეამცირა, რუსეთი ამავდროულად ახდენს თავისი ბირთვული შეიარაღებისა და სხვა სისტემების მოდერნიზებას. რუსეთი მხარს უჭერს „ბირთვული ესკალაციის“ თეორიას შეიარაღებული კონფლიქტებისას“, - განაცხადა ჯეიმს მეტისმა.
აშშ-ს თავდაცვის მდივნის თქმით, აშშ საშუალო და მცირე მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმებას ასრულებს და სურს, რომ რუსეთმა აღმოფხვრას ამ შეთანხმების დარღვევის მომენტები.
„ჩვენ გვსურს, რომ რუსეთი ამ შეთანხმების შესრულებას დაუბრუნდეს. ჩვენ არ გვსურს ამ შეთანხმებაზე უარის თქმა. თუმცა, ჩვენ მოქმედების სხვა ვარიანტებიც გაგვაჩნია, იმ შემთხვევაში თუ რუსეთი ამ გზით სვლას განაგრძობს“, - დასძინა მან.