მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირების საკითხზე გადაწყვეტილებას სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს მიიღებს

მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირების საკითხზე გადაწყვეტილებას სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს მიიღებს

თბილისის საქალაქო სასამართლო მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირების საკითხზე გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, დღეს მიიღებს. პროკურატურამ საქალაქო საასმართლოს ექსტრადირების დასაშვებობასთან დაკავშირებით უკვე მიმართა.

როგორც ჩაბუქის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა გუშინ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ პროცესთან დაკავშირებით დაცვის მხარეს დიდი იმედი არ აქვს. მისივე თქმით, ის მზადაა ექსტრადირების გადაწყვეტილების შემთხვევაში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივროს. დაცვის მხარეს გასაჩივრებისთვის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ერთკვირიანი ვადა აქვს.

პარალელურად ადვოკატი სოსო ბარათაშვილი აპირებს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართოს, რათა მოხდეს ექსტრადირების შეჩერების განხილვა. თავის მხრივ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ექსტრადირების აღსრულების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად მიმართვიდან 48-საათიანი ვადა ექნება.

ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ იუსტიციის მინისტრმა უნდა გამოსცეს ბრძანება ექსტრადირების შესახებ. განკარგულებაზე ხელის მოწერის შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დაუყოვნებლივ მოხდება.

იმ შემთხვევაში, თუ იუსტიციის მინისტრი ხელს არ მოაწერს სასამართლოს გადაწყვეტილებას ექსტრადირების შესახებ, მაშინ პირი საექსტრადაციო პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას. კონკრეტულ შემთხვევაში მუსტაფა ემრე ჩაბუქს საექსტრადაციო პატიმრობის ვადა 24 თებერვალს უმთავრდება.