გია ხუხაშვილი - წარმოუდგენელია გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებზე ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი იყოს

გია ხუხაშვილი - წარმოუდგენელია გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებზე ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი იყოს

პოლიტიკურ შედეგს პრეზიდენტის რიტორიკის უკან ვერ ვხედავ, რადგან ოპოზიციაში ვერ ვხედავ იმ სეგმენტს, რომელმაც შესაძლოა პრეზიდენტს რაიმე პლუსი მოუტანოს, ან პირიქით, პრეზიდენტმა რამე შესძინოს, - ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციისთვის შეიძლება ძალიან საინტერესო იყოს. მისივე თქმით, პრეზიდენტისა და ოპოზიციური სპექტრიდან რომელიმესთან თანამშრომლობის პერსპექტივას ვერ ხედავს.

”ასეთი შეთავაზება თავისთავად კარგია, რადგან პრეზიდენტს აქვს გარკვეული რესურსი, თუმცა წმინდა პოლიტიკურად ამ პერსპექტივას სკეპტიკურად ვუყურებ. ოპოზიცია შედგება სამი ძირითადი ნაწილისგან. ერთი არის ”ნაციონალური მოძრაობის” ნამსხვრევები, რომელთან თანამშრომლობაც პრეზიდენტისთვის აბსოლუტურად გაუგებარი იქნება მისი წარსულიდან გამომდინარე. ”ნაციონალური მოძრაობის” ეს ორი ნაწილი ერთმანეთთანაც დაპირისპირებულები არიან. ოპოზიციის მეორე ნაწილი არის ე.წ. ნეიტრალიტეტის მომხრე ანუ დასავლური ვექტორის მიმართ სკეპტიკურად მაყურებელი ნაწილი და მათთან თანამშრომლობა პრეზიდენტის მხრიდან გაუგებარი იქნება და აქაც პერსპექტივას ვერ ვხედავ. მესამე ნაწილი ოპოზიციის არის ნულოვანი პარტიები, რომლებიც რაც უნდა შეკრიბო და დააჯგუფო, ნული 100-ზე რომ გაამრავლო, მაინც ნულია. მე არ ვიცი, პრეზიდენტი ვისთან თანამშრომლობით ფიქრობს შედეგის მიღებას. ეს გაუგებარია, რადგან ოპოზიცია ან არის დისკრედიტებული, ან არასწორი ორიენტირების მქონე, ან წარსული დანაშაულით დატვირთული, ან მუდმივად წაგებით აღბეჭდილი. მე არ მესმის პრეზიდენტის ეს ინიციატივა რა პოლიტიკური შედეგის მომტანი შეიძლება იყოს. პოლიტიკურ შედეგს ამ რიტორიკის უკან ვერ ვხედავ, რადგან ვერ ვხედავ იმ სეგმენტს, რომელმაც შესაძლოა პრეზიდენტს რაიმე პლუსი მოუტანოს, ან პირიქით, პრეზიდენტმა შესძინოს რაიმე”, - განაცხადა ხუხაშვილმა. 

მისივე თქმით, ასევე წარმოუდგენელია მარგველაშვილი ერთიანი კანდიდატი იყოს.

”ოპოზიციაში ერთად რომ დავაჯგუფოთ „ნაციონალური მოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსი“, ეს შეუძლებელია. ეს სამი ნაწილი, რომელიც ვახსენე, არის შეუთავსებელი. ამ სამი ნაწილიდან ერთ-ერთი უნდა აირჩიოს პრეზიდენტმა, თუმცა ვერც ერთი ალიანსის პოლიტიკურ პერსპექტივას ვერ ვხედავ”, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ოპოზიციისთვის შეიძლება ძალიან საინტერესო პარტნიორი ვიყო, თუმცა არანაირი კონსულტაციები არ გამართულა, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, გამორიცხავს თუ არა ქვეყნის პირველი პირი რომელიმე ოპოზიციურ პარტიასთან თანამშრომლობას.