„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სხვა ოპოზიციურ პარტიებს თანამშრომლობას სთავაზობს.
შესაბამისი განცხადება მან პარტიის ყრილობაზე გააკეთა, სადაც ამავდროულად ცნობილი გახდა, რომ უგულავა პარლამენტის არჩევნებში ხონისა და ვანი მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს.
„ჩვენ ვხედავთ გაჩერებულ ქვეყანას, ეკონომიკას, რომელიც სულს ღაფავს, გაზრდილ კრმინალს, რომელსაც სახელმწიფო ვეღარ უმკლავდება. ვხედავთ თვითკმაყოფილ სახეებს ხელისუფლებაში და გაღატაკებულ ხალხს ქუჩაში. „ოცნებამ“ მომავლის რწმენა ჩაკლა მოსახლეობაში. აპათია, ნიჰილიზმი, ხელის ჩაქნევა, რომ მაინც არაფერ შეიცვლება, გათვლა - შეჩვეული ჭირი სჯობს - ქმნის იმ ფონს, რომ აღარავის სჯერა არავისი. ეს აწყობს დღევანდელ რეჟიმს. პოლიტიკა მთლიანად და პოლიტიკოსები ძალიან დავშორდით ხალხს. დღეს ყველაზე პოპულარული არც ერთი პარტიაა, ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი კი - არავინ. ამასობაში ხდება ფლანგვა და სახელმწიფოებრიობის ეროზია. სახელმწიფო აგებს ომს სიღარიბესთან, აგებს ომს უმუშევრობასთან, აგებს ომს კრიმინალთან. ჩვენ ვაგებთ და ვკარგავთ რწმენას საკუთარი თავისა და ქვეყნის პერსპექტივის. ამიტომ მივიღე მე ეს გამოწვევა. ხონსა და ვანს აქვს პრივილეგია იყოს ამ ცვლილებების მედროშე და ავანგარდი“, - განაცხადა უგულავამ.
მისივე თქმით, ამ საყოველთაო უიმედობის ფონზე, ხონელებსა და ვანელებს აქვთ შანსი, საქართველოს მდორე პოლიტიკური ცხოვრების ჩარხი შეაბრუნონ და ქვეყანა პროგრესისკენ მიმართონ.
„მე არ ვსაუბრობ საკუთარ თავზე. დიდი პატივია იყო შენი მოსახლეობის ხმა პარლამენტში, მაგრამ აქ საქმე ჩემში არაა. თუ ჩვენ, ოპოზიცია გავიმარჯვებთ ხონსა და ვანში, ოპოზიცია გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებზეც. თუ ვიქნებით კონსოლიდირებული, 2018 წელი დიდი შემობრუნების და იმედის წლად შეიძლება ვაქციოთ. მე მინდა შევთავაზო თანამშრომლობა სხვა ოპოზიციურ პარტიებს. ხელისუფლება ყველაფერზეა წამსვლელი, ჩვენ ეს ვნახეთ კორცხელში, მაგრამ ყველა წინააღმდეგობა მხოლოდ ამძაფრებს გამარჯვების სურვილს და თუ გამოვნახავთ საერთო ენას, შედეგი იქნება ახლაც და ოქტომბერშიც. „ევროპული საქართველო“ საუკეთესო პლატფორმაა ოპოზიციისთვის, რადგან ხონსა და ვანში ჩვენ, ოპოზიციურ პარტიათა შორის, გასულ არჩევნებზე საუკეთესო მაჩვენებელი გვქონდა. ვაქციოთ ეს არჩევნები თანამშრომლობის და არა დაპირისპირების არეალად“, - აღნიშნა უგულავამ.