თავად აუდიტის სამსახურმა დაადასტურა, რომ ანგარიშში სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები არ არის

თავად აუდიტის სამსახურმა დაადასტურა, რომ ანგარიშში სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები არ არის

თავად აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელები ადასტურებენ, რომ მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული ზოგადად, სახელმწიფო შესყიდვების უზრუნველყოფის საქმეში, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ნდობის ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელზეც აუდიტის სამსახურის მიერ თავდაცვისა და სასჯელაღსრულების სამინისტროებში ჩატარებულ შემოწმების ანგარიშზე იმსჯელეს.

სესიაშვილის განცხადებით, მისასალმებელია აუდიტის სამსახურის ძალიან ეფექტური მუშაობა და ის გეგმები, რომელიც ამ სამსახურს გააჩნია.

მისივე თქმით, აუდიტის სამსახური საპარლამენტო კონტროლის განხორციელებისთვის არის ძლიერი ინსტრუმენტი და თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

„რაც შეეხება წარმოდგენილ დასკვნებს, თავად აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელები ადასტურებენ, რომ მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული ზოგადად, სახელმწიფო შესყიდვების უზრუნველყოფის საქმეში. პროგრესია როგორც ადმინისტრირების მიმართულებით, ასევე დარღვევების კლების ტენდენციის თვალსაზრისით და ჩვენ ეს, რა თქმა უნდა, გვახარებს, თუმცა რა თქმა უნდა, რეკომენდაციების ნაწილში ჩვენი ერთობლივი მუშაობა გრძელდება. სამწუხაროდ, წინა ხელისუფლებიდან მოყოლებული გარკვეული ადმინისტრაციული ხარვეზები მოდის და ამ მხრივაც აქ შეინიშნება აშკარად გაუმჯობესების ტენდენციები“, - განაცხადა სესიაშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს, სესიაშვილის თქმით, ეს არის არაობიექტურად გადაჭარბებული, „რადგან თავად აუდიტის სამსახურმა დაადასტურა, რომ ანგარიშში სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები არ არის“.

„საუბარია გარკვეულ ხარვეზებზე, რომლებიც თითონ ამ პროცესშიც კი გამოსწორების ნიშნებს შეიცავს. ჩვენ შევეხეთ 2015-2016 წლებს. გარკვეული შენიშვნები, რაც იყო აუდიტის სამსახურის ანგარიშებში დაფიქსირებული, შესაბამის უწყებებში გადავამოწმე და შემიძლია გითხრათ, რომ აქამდე გაცემული რეკომენდაციები შესრულებულია, რაც ძალიან პოზიტივ მოლოდინებს გვიჩენს. ცალკეული უწყებების მოსმენის შემდეგ კიდევ უფრო ჩავუღრმავდებით იმ შენიშვნებს, რაც აუდიტის სამსახურმა დააფიქსირა“, - განაცხადა სესიაშვილმა.