“გირგვლიანის შესწორებების“ ინიციატივა ჯერ მხოლოდ იდეის დონეზე არსებობს და პროექტის სამუშაო ვარიანტი ჯერ არ დაწერილა

“გირგვლიანის შესწორებების“ ინიციატივა ჯერ მხოლოდ იდეის დონეზე არსებობს და პროექტის სამუშაო ვარიანტი ჯერ არ დაწერილა


09:46 03-02-2018
 ეკა ბესელია - “გირგვლიანის შესწორებების“ ინიციატივა ჯერ მხოლოდ იდეის დონეზე არსებობს და პროექტის სამუშაო ვარიანტი ჯერ არ დაწერილა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას ინფორმაციით, “გირგვლიანის შესწორებების“ ინიციატივა ჯერ მხოლოდ იდეის დონეზე არსებობს და შესაბამისი კანონპროექტი ან პროექტის სამუშაო ვარიანტი ჯერ არ დაწერილა. 

“შემიძლია იდეის დონეზე გითხრათ, თუ რა არის ნაგულისხმები, როცა გირგვლიანის საქმის საკანონმდებლო შესწორებებზე ვსაუბრობთ. აქ მოიაზრება ის შესაძლო ცვლილებები, რომელიც სისხლის სამართლის კუთხით შეიძლება განხორციელდეს და პასუხისმგებლობა გამკაცრდეს ისეთი ტიპის დანაშაულისათვის, როდესაც გამოძიების ან მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლა მოხდება. სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ასეთი შემადგენლობა არსებობს, თუმცა პასუხისმგებლობისა და დასჯადობის თვალსაზრისით ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს განეკუთვნება. სწორედ გირგვილინის საქმე იყო ყველაზე ძლიერი და ტრაგიკული მაგალითი, რომლითაც მთელი სისტემური პრობლემა და სისტემური დანაშაულის სახე გამოაშკარავდა. შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმაც აჩვენა, რომ გაცილებით ლოიალურად გამოიყურება კანონმდებლობა და შესაძლებელია ამ კუთხით გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდეს. ეს არის იდეა და სამუშაო ვარიანტი ჯერ არ არსებობს“, - განაცხადა ბესელიამ. 

კითხვაზე, რატომ დადგა დღის წესრიგში “გირგვლიანის შესწორებების“ განხორციელების ინიციატივა დღეს - “ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის ხუთი წლისთავზე, ბესელიამ განაცხადა, რომ გირგვლიანის საქმე საერთო ეროვნულ, კრეფსით ტრაგედიას წარმოადგენს და ყველა თანხმდება, რომ ეს ის ტრაგედიაა, რომელიც არის უპატიებელი დანაშაული. 

“ეს არის ქმედება, რომელიც არ შეიძლება იყოს გამართლებული. ამდენი წლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც გირგვლინის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ იმსჯელა და უპრეცედენტო ჩანაწერის გადაწყვეტილება მიიღო, მას შემდეგ, რაც გირგვლიანის საქმეზე ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი გასამართლდა, საქმის მონათვლა როგორც ფაბრიკაცია, როგორც ინსინუაცია და სპექტაკლი - ამ შეფასებებმა თითქოს ყველა ის ტკივილი გააცოცხლა, რომელიც გირგვლიანის საქმეს უკავშიდება. ამიტომ დადგა დღის წესრიგში საკითხი იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი პრევენცია შეიძლება იყოს ისეთი ტიპის დანაშაულის გამკაცრება, როცა საჯარო და პოლიტიკური თანამდებობის პირებმა შეიძლება მართლმსაჯულებას შეუშალონ ხელი“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.