"გირგვლიანის შესწორებებზე" ხელისუფლებაში ყოფნის 5 წლისთავზე საუბარი არასერიოზულია

"გირგვლიანის შესწორებებზე" ხელისუფლებაში ყოფნის 5 წლისთავზე საუბარი არასერიოზულია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" უმცირესობის დეპუტატმა გიორგი ტუღუშმა განუცხადა. 

მისი შეფასებით, ინიციატივა არის უშინაარსო და გათვლილია ადამიანთა ემოციებზე. "სანდრო გირგვლიანის სახელით სპეკულირება დაუშვებელია. ოცნება უკვე 5 წელზე მეტია ხელისუფლებაშია და ყველა ბერკეტი გააჩნია და გააჩნდა, ეზრუნა ქვეყანაში კანონის უზენაესობის განმტკიცებაზე. წლები დაუთმეს პოლიტიკური ოპონენტების დევნას და ის პირები, ვინც იგივე გირგვლიანის საქმეში პირდაპირ ან არაპირდაპირ ფიგურირებენენ, საკუთარ სამსახურში ჩააყენეს და გმირებად გამოაცხადეს. არაერთი შემთხვევა გვაქვს, როდესაც ეს ხელისუფლება უშლის ხელს გამოძიებას და მართლმსაჯულების განხორციელებას. მარტო აფგან მუხთარლის საქმე გამოდგება ამის მკაფიო მაგალითად. მსგავსი ფაქტები მათ ინიციატივას მთლიანად ეჭვის ქვეშ აყენებს. თავი დავანებოთ იმას, რომ ხელისუფლებაში ყოფნის 5 წლისთავზე საუბარი ამ თემაზე არასერიოზულია", -აცხადებს გიორგი ტუღუში.