ყველა იმ კითხვაზე, რაც წინა ხელისუფლების სისტემურ დანაშაულთან მიმართებით პარლამენტის წინაშე უნდა დაისვას, ჩვენ პასუხი გვაქვს - თუკი არის კითხვები სხვა უწყების მიმართ, ეს შეიძლება მათთან დაისვას, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
“მაგალითად, გირგვლიანის საქმეს გაგრძელებად ყველაზე მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის პასუხისმგებლობა მოჰყვა. დადგა სხვა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი. ძალიან ბევრი მაღალი რანგის პოლიტიკური პირია დამნაშავედ ცნობილი. 200-ზე მეტი ეპიზოდია “ამნისტიის შესახებ“ აქტიდან და პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირების საქმეებიდან გამომდინარე. სასამართლომ დანაშაულის 200-ზე მეტი ეპიზოდი განიხილა და როგორც მახსოვს, 180-ზე მეტი პირი სხვადასხვა დანაშაულზე არის გასამართლებული - აქ არიან ყოფილი თანამდებობის პირები, საჯარო მოხელეები. პარლამენტმა 2016 წელს სისტემური დანაშაულის შეფასება და დასკვნაც მიიღო. შემიძლია ძალიან ბევრი რამ გავიხსენო, რაც ჩვენ პოლიტიკურ და სამართლებრივ დონეზე განვახორციელეთ. პროცესი გრძელდება, რადგან ეს საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს შეეხო, მათ შორის მე და ჩემს ოჯახს“, - აღნიშნა ბესელიამ.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საპარლამენტო უმრავლესობას სთავაზობს, ე.წ. გირგვლიანის შესწორებები “ამნისტიის შესახებ“ 2012 წელს მიღებულ კანონს დაეფუძნოს და სისტემურ დანაშაულში მონაწილე ადამიანები სისტემიდან დაითხოვონ.
“მიგვაჩნია, იმ ადამიანების ხელში, ვინც ახორციელდებდა პოლიტიკური ნიშნით დევნას წინა ხელისუფლების დროს, არ უნდა იყოს და ვერ განხორციელდება უფრო ეფექტური მართლმსაჯულება, რეალური დაცვა და პრევენცია შესაძლო სისტემური პრობლემებისგან. ამიტომ “გირგვლიანის შესწორებების“ ნაწილში ჩვენ გვაქვს რეალური საკანონმდებლო ამოსავალი, რომელიც არის 2012 წლის კანონი “ამნისტიის შესახებ“, რომლითაც საქართველომ პოლიტიკური ნიშნით დევნა აღიარა. სისტემურ დანაშაულში მონაწილე ადამიანების სისტემიდან დათხოვნა ჩვენ სწორედ ამ კანონის მიხედვით, ეფექტური მექანიზმის შექმნით უნდა დავიწყოთ, რადგანაც ყველა ის ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა ამ კანონით დადასტურებულ შემთხვევებში, მათ მიმართ უნდა ამუშავდეს ეფექტური მექანიმზი, რომ ეს დანაშაული ჩვენი მოქალაქეების მიმართ არ განმეორდება“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე.