”ნაციონალური მოძრაობა“ წარსულში ჩარჩენილი, გაკოტრებული პოლიტიკური პარტიაა და მათთან სადებატო არაფერი გვაქვს

”ნაციონალური მოძრაობა“ წარსულში ჩარჩენილი, გაკოტრებული პოლიტიკური პარტიაა და მათთან სადებატო არაფერი გვაქვს

„ნაციონალური მოძრაობა“ ეს არის წარსულში ჩარჩენილი, გაკოტრებული პოლიტიკური პარტია, ამიტომ მათთან სადებატო არაფერი გვაქვს, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, ჩაერთვება თუ არა მერია საჯარო დებატებში, რომლის მოწყობასაც „ნაციონალური მოძრაობა“ გენგეგმასთან დაკავშირებით, ორშაბათს აპირებს. 

„სადებატო არაფერი აქვთ. კიდევ ვიმეორებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ეს არის წარსულში ჩარჩენილი, გაკოტრებული პოლიტიკური პარტია. მიუხედავად ამ ყველაფრის, მე, პირადად, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გავაკეთე განცხადება და მივმართე მათ და არა მხოლოდ მათ, ყველას, ვისაც სურვილი აქვს ქალაქის გენერალური გეგმის შეფასებაში, რომელიც უკვე ორ წელზე მეტია მიმდინარეობს. დაგვეხმარნენ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, ჩართულები არიან ქართველი და უცხოელი ექსპერტები. ვისაც სურვილი აქვს პოლიტიკურ პარტიებს, წარმოადგინონ ერთი ადამიანი, ვინც კომპეტენტურია და ჩავრთავთ პროცესში. თუ არ არის კომპეტენტური, არა უშავს, ჩვენ მივცემთ ყველანაირ დოკუმენტაციას, რომელიც „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ აქვს მოწოდებული. კითხვა დღეს ყველას შეუძლია და, ალბათ, აქვთ იმის გონივრული შესაძლებლობა, გააანალიზონ რა დოკუმენტია მიწოდებული. გენერალური გეგმა ჩვენი დედაქალაქისთვის უმნიშვნელოვანესია, არის სახალხო დოკუმენტი, ქალაქის ერთგვარი კონსტიტუცია, რომელზეც ეფუძნება ქალაქის სწორი განვითარება მომდევნო წლების განმავლობაში. მათ მე მივეცი იმის შესაძლებლობა, რომ შეფასების ჯგუფში შემოვიდნენ. აქ სადებატო არაფერია, დოკუმენტი ერთად განვიხილოთ და ვთქვათ რა პრობლემებია. თუ არის კარგი დოკუმენტი, ვთქვათ რომ კარგი დოკუმენტია“, - განაცხადა კალაძემ. 

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ოპოზიცია კონტრღონისძიების გატარებას გეგმავს იმისთვის, რომ თბილისის გენერალური გეგმის ხელახალი განხილვა დაიწყოს.