საქართველოში ვეღარასოდეს მოიკიდებს ფეხს ქურდული მენტალიტეტი. ამ მიმართულებით ვიქნებით თანმიმდევრული და დაუნდობელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის სხდომაზე შს მინისტრი გიორგი გახარია წარმოადგენს კანონპროექტთა პაკეტს, რომელიც ე.წ. კანონიერ ქურდებთან ბრძოლის გამკაცრებას ითვალისწინებს.
„ჩვენ შევიმუშავეთ კანონში ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ქურდული სამყაროს წევრობისა და "კანონიერი ქურდებისთვის" სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს. ასევე, დასჯადი ხდება "კანონიერი ქურდისთვის" მიმართვაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. შსს-ში მიმდინარეობს ძირეული ცვლილებების პროცესი. მინდა დავარწმუნო ჩვენი მოსახლეობა, რომ საქართველოში ვეღარასოდეს მოიკიდებს ფეხს ქურდული მენტალიტეტი. ეს არის გამორიცხული. ამ მიმართულებით ვიქნებით ნამდვილად თანმიმდევრული და დაუნდობელი, ვინაიდან ეს ეხება ჩვენი თანამოქალაქეების სიმშვიდეს და ჩვენი ქვეყნის მომავლის შენებას“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, შს მინისტრ გიორგი გახარიას ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს ამ პროცესში და უწყებაში იმ ცვლილებების განხორციელებაში, რომელიც ეხება კრიმინალურ პოლიციას, საპატრულო პოლიციას, საზღვრის დაცვას, უბნის ინსპექტორების ინსტიტუტის და ქვეითი პატრულის გაძლიერებას და ა.შ. ამასთან, გიორგი კვირიკაშვილი მიესალმა შინაგან საქმეთა სამინისტროს გახსნილობას და ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის შექმნას.
„დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნაბიჯები აუცილებლად გამოიღებს შედეგს ქვეყანაში უსაფრთხოების სურათის გაუმჯობესების კუთხით და ჩვენი მოქალაქეების დაცულობის კუთხით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.