გიორგი მარგველაშვილი მეორე ვადით პრეზიდენტობისათვის ემზადება და ამყარებს პლატფორმას, რომლითაც შეწყალების გამო მის მიმართ ბრალის დადება გართულდება

გიორგი მარგველაშვილი მეორე ვადით პრეზიდენტობისათვის ემზადება და ამყარებს პლატფორმას, რომლითაც შეწყალების გამო მის მიმართ ბრალის დადება გართულდება

გიორგი მარგველაშვილი მეორე ვადით პრეზიდენტობისათვის ემზადება და ამყარებს იმ იურიდიულ პლატფორმას, რომლის გამოყენებითაც შეწყალების გამო მის მიმართ ბრალის დადება გართულდება, - ასე აფასებს “ქართული ოცნების“ დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, მსჯავრდებულთა შეწყალების წესის გადახედვის შესახებ.

როგორ ქუცნაშვილმა “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, პრეზიდენტი არაძალადობრივ დანაშაულებზე შესაწყალებელ პირთა წრეს აფართოებს და ამარტივებს პატიმართა შეწყალებისთვის მის მიერვე დადგენილ წესებს.

“არსებული ნორმატიული აქტით, რითაც დღეს პრეზიდენტი ხელმძღვანელობს და რაც მის მიერ არის გამოცემული, დადგენილია, რომ პრეზიდენტს შეუძლია საგამონაკლისო წესით იმოქმედოს ანუ არ დაემორჩილოს მის მიერვე დადგენილ წესებს. პრეზიდენტი პატიმართა შეწყალების შესახებ ბრძანებულებით, ერთი მხრივ, წესს უწესებს საკუთარ თავს, ხოლო მეორე მხრივ, იგივე ბრძანებულებით ადგენს უფლებას, არ დაემორჩილოს მის მიერვე დადგენილ წესს და საგამონაკლისოდ იმოქმედოს. აქ ლოგიკურ წინააღმდეგობას აქვს ადგილი, რადგან თუკი პრეზიდენტი წესებს იმის გამო იღებს, რომ შეწყალების კომისია, დოკუმენტაციის მომზადებისას, რაღაც კრიტერიუმებს დაემორჩილოს, მაშინ რაღა აზრი აქვს ამ შეზღუდვებს, თუკი პრეზიდენტს შეუძლია საგამონაკლისო წესებით იმოქმედოს? აქ შეიძლება იყოს ასეთი არგუმენტი, რომ არის ისეთი შემთხვევა, რომელზეც ეს წესები არ მოქმედებს და საგამონაკლისო ნორმა ამიტომაც უნდა არსებობს. პრეზიდენტის ინიციატივა უფრო გაფართოებისკენ მიმართული ინიციატივაა ანუ როგორც ჩანს, ამ ინიციატივით პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცდილობს, დანაშაულთა ერთი ნაწილისათვის კიდევ უფრო ლიბერალური რეჟიმი იყოს, რათა შემდგომში არ დაბრალდეთ, რომ პრეზიდენტმა საგამონაკლისო წესით იმოქმედა“, - აღნიშნა ქუცნაშვილმა.

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, არაძალადობრივ დანაშაულებებთან მიმართებაში შეწყალების წესი იცვლება.

როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შეწყალების კომისიამ სასჯელის ვადის კრიტერიუმების გარეშე უნდა განიხილოს იმ მსჯავრდებულთა თხოვნა, რომლებმაც ჩაიდინეს ნარკოტიკული დანაშაულები, გარდა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების გასაღებისა, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვისა და მათი შემოტანა - ტრანზიტისა. შეწყალების კომისიამ, ასევე არსებითად უნდა განიხილოს იმ პირთა შეწყალების თხოვნა, რომლებიც გასამართლებულები არიან 381-ე მუხლით და მათ სასჯელი დაეკისრათ “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების დარღვევის საფუძველზე.

ასეთივე წესით კომისიამ უნდა განიხილოს იმ პირის თხოვნა შეწყალების თაობაზე, რომელმაც პირველად ჩაიდინა დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ, ეკონომიკური, ფინანსური და სამოხელეო ხასიათის დანაშაულები და არ ჩაუდენია ეს დანაშაულები ძალადობით, ან ძალადობის მუქარით. ამ დანაშაულებზე მსჯავრდებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ პრეზიდენტს, როგორც კი დასრულდება საქმის განხილვა სამივე სასამართლო ინსტანციაში, ან გასული იქნება ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების ვადა, ხოლო კომისია არსებითად განიხილავს მათ საქმეებს.