სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო,

სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, "გაზპრომის" წარმომადგენელი დაიბაროს, რათა პასუხი გასცეს კითხვას, რატომ არის კონტრაქტი საიდუმლო

თბილისის საქალაქო სასამართლომ „გაზპრომთან“ დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" სარჩელზე გადაწყვეტილება მიიღო - "გაზპრომის" წარმომადგენელს სასამართლოში იბარებს, რათა პასუხი გასცეს კითხვას, რატომ არის კონტრაქტი საიდუმლო და რა უშლის ხელს მის გასაჯაროებას, - ამის შესახებ " ინტერპრესნიუსს" ფრაქცია " ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ აცნობა.

დეპუტატი სასამართლოს გადაწყვეტილებას უპრეცედენტოს უწოდებს.

"ნაციონალური მოძრაობა" თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანილ სარჩელში „გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გასაჯაროებას ითხოვდა. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და „გაზპრომს“ მოსთხოვა, წარმოადგინოს სასამართლოში ხელშეკრულების კონფიდენციალურობის გარემოებები და განიხილონ მისი შემდგომი გასაჯაროების შესაძლებლობის მიზანშეწონილება. ეს არის პირველი სერიოზული ნაბიჯი ამ ბურუსით მოცული, საეჭვო და ქვეყნისათვის პოლიტიკურად და ეკონომიკურად წამგებიანი ხელშეკრულების გამოსამზეურებლად. პარალელურად ფრაქცია ითხოვს მისი გაფორმების გარემოებების შესასწავლად დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნას,"- განუცხადა "ინტერპრესნიუსს" რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ აქამდე სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, ქართული მხარე "გაზპრომისგან" გატარებული ბუნებრივი აირის მთლიანი მოცულობის 10%-ს იღებდა. გასული წლის დასაწყისში "გაზპრომთან" გაფორმებული ახალი, ორწლიანი ხელშეკრულების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ საქართველო აღნიშნული სერვისისთვის ფულად ანაზღაურებს მიიღებდა. უფრო კონკრეტულდ, 2017 წელს ნაწილობრივ ისევ ნედლეულით ანაზღაურების ფორმა დარჩა, ხოლო წელს მთლიანად ფულადი ანგარიშსწორება გაგრძელდა. ხელშეკრულების დეტალები უცნობია, ვინაიდან მისი გასაჯაროება არ ხდება.