მიხეილ ჯანელიძემ ნატო-ს გენერალურ მდივანს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე ინფორმაცია მიაწოდა

მიხეილ ჯანელიძემ ნატო-ს გენერალურ მდივანს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე ინფორმაცია მიაწოდა

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომამდე საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადებითად შეფასდა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, მათ შორის საქართველოს მხრიდან 2017 წლის ეროვნული პროგრამის შესრულება, ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიულ და თავდაცვის სფეროში რეფორმები. იმედი გამოითქვა, რომ საქართველოს, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყნის პროგრესი სათანადო ასახვას ჰპოვებს ნატო-ს 2018 წლის სამიტზე.

საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრმა მადლობა გადაუხადა ნატო-ს გენერალურ მდივანს საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მომავალშიც აქტიურად შენარჩუნდება ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მიმდინარე პოზიტიური დინამიკა.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე ნატო-ს გენერალურ მდივანს ინფორმაცია მიეწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობასა და ბოლო განვითარებებზე. გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა.

”შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს პოზიტიურ როლს რეგიონში და იმ წვლილს, რომელიც საქართველს შეაქვს საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. საუბარი შეეხო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას და საქართველოს მონაწილეობას ალიანსის პრაქტიკულ ძალისხმევაში შავი ზღვის განმტკიცების მიმართულებით.

გამოიხატა მზაობა გაგრძელდეს საქართველოს პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.