Hilton-ის წარმომადგენელი: თქვენს დედაქალაქში ეკონომიკის ბუმია, განვითარებულია ტურიზმი, ამიტომ მოხარულები ვართ, რომ აქ ვიმყოფებით

Hilton-ის წარმომადგენელი: თქვენს დედაქალაქში ეკონომიკის ბუმია, განვითარებულია ტურიზმი, ამიტომ მოხარულები ვართ, რომ აქ ვიმყოფებით

“თბილისში ეკონომიკის ბუმია, განვითარებულია ტურიზმი, ამიტომ მოხარულები ვართ, რომ აქ ვიმყოფებით. ჩვენ ვაპირებთ მოცულობითი ინვესტიციების განხორციელებას საქართველოში. აღსანიშნავია, რომ თბილისში ეკონომიკის პოზიტიური დინამიკაა და ნებისმიერი ვიზიტორისთვის შესანიშნავი ადგილია თქვენი დედაქალაქი,“- ამის შესახებ მსოფლიოში სასტუმროების ერთ-ერთი წამყვანი ბრენდის, Hilton-ის წარმომადგენელმა ტიმ ეტტელტიმ ახალი, 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო Hilton-ის მშენებლობის დაწყების საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და დედაქალაქის მერი კახა კალაძე ესწრებოდნენ. 

თბილისში, კოსტავას ქუჩის N 41-ში, ახალი, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა 2019 წელს დასრულდება და ექსპლუატაციაში 2020 წელს შევა, რისთვისაც საინვესტიციო კომპანია ,,გრანატ-ინვესტმენტი“  45 მლნ-მდე ევროს ინვესტიციას განახორციელებს. ამ დროისათვის, პროექტის თანახმად, 150 ახალი სამუშაო ადგილია შექმნილი, საერთო ჯამში კი, 500-მდე ადამიანი დასაქმდება. 
„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს „გრანატ-ინვესტმენტი“-დან.   ბედნიერები ვართ, რომ თბილისში გვექნება ასეთი შესანიშნავი სასტუმრო. Hilton-ი ბაზარზე მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერატორია; ჩვენ ვმართავთ 6000-ზე მეტ სასტუმროს მსოფლიოს მასშტაბით. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ყოველ დღე ვხსნიდით ერთ ახალ სასტუმროს სხვადასხვა ქალაქში და ვამაყობთ, რომ შემოვდივართ თბილისშიც. Hilton-ი  იქნება ერთ-ერთი მსხვილი ოპერატორი, რომელიც ჩამოიყვანს უამრავ უცხოელ ვიზიტორს თქვენს დედაქალაქში,“- აღნიშნა ტიმ ეტტელტიმ.

ცნობილმა იტალიელმა არქიტექტორმა და დიზაინერმა პიერო ლისსონიმ კი, რომელიც სასტუმროს ვიზუალურ მხარეზე მუშაობს, თბილისს განსაკუთრებული ქალაქი უწოდა. 

„ძალიან ამაყი ვარ, რომ თბილისში ვმუშაობ. ვფიქრობ, რომ  აქ ყოფნა დაუჯერებელი განძია. ეს განსაკუთრებული ქალაქია - ისტორიული და ამავდროულად, თანამედროვე, ამიტომ მსურს, აქ რაიმე განსაკუთრებული გავაკეთო,“- განაცხადა იტალიელმა არქიტექტორმა. 

როგორც სასტუმროს მშენებლობის დაწყებისას გამართულ პრეზენტაციაზე აღინიშნა, Hilton-ის პროექტი კულტურული ძეგლის, შენობის წინა ფასადის იერსახის შენარჩუნებას ითვალისწინებს.