ქვეყანას არ აქვს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიული დოკუმენტი და არ აქვს მექანიზმი, რომელიც შექმნის და პასუხისმგებელია სტრატეგიულ დონეზე ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის შექმნის, მისი კოორდინაციის და აღსრულების ზედამხედველობის, - ამის შესახებ ”საქართველოს ატლანტიკური საბჭოს" გამგეობის თავმჯდომარემ დავით სიხარულიძემ ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას ეროვნული უსაფრთხოების საკითხების კოორდინაციის მიზნით, სპეციალური ორგანოს შექმნის საკითხზე საუბრისას განუცხადა.
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სიხარულიძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ორგანოს შექმნა გარკვეულწილად დაგვიანებულია, თუმცა საჭირო.
”კონსტიტუციის ცვლილებიდანვე, როდესაც საპრეზიდენტოდან ნახევრად საპარლამენტო მმართველობაზე გადავიდა საქართველო, მას შემდეგ ეროვნულ არქიტექტურაში ძალიან სერიოზული პრობლემებია. განსაკუთრებით პრობლემატურია პოლიტიკური ორგანო, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვაზე, მის კოორდინირებაზე და ამ პოლიტიკის აღსრულების ზედამხედველობაზეა ორიენტირებული. მე ვამბობ პოლიტიკურ ორგანოს. რაც შეეხება ანალიტიკურ ცენტრს, ეს არის სამსახური თავისი არსით და ბუნებრივია, ის ვერ ჩაანაცვლებს პოლიტიკურ ორგანოს.
საქართველოს უამრავი გამოწვევები აქვს - ტერიტორიები ოკუპირებულია, საგარეო პოლიტიკური ამოცანები საკმაოდ სერიოზულია, ეს არის ნატო-ში ინტეგრაცია, ასევე უსაფრთხოების გარემო რთულია. სწორედ ამიტომ აუცილებელია სახელმწიფოს ჰქონდეს კარგად ფუნქციონირებადი პოლიტიკური ორგანო, რომელიც გადაწყვეტილების მიიღებს და კრიზისებს მართავს. ასეთი ორგანო დღეს საქართველოს საერთოდ არ გააჩნია.
რაც შეეხება კანონმდებლობას, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის შესახებ კანონმდებლობა არის ძალიან სუსტი, სავსე ხარვეზებით“, - განაცხადა საქართველოს ატლანტიკური საბჭოს" გამგეობის თავმჯდომარემ დავით სიხარულიძემ.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხების კოორდინაციის მიზნით, შესაძლოა, დღის წესრიგში სპეციალური ორგანოს შექმნის საკითხი დადგეს.
დღევანდელი მოცემულობით, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო ლიკვიდაციას დაექვემდებარა, ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის მაკოორდინირებელი ორგანოები არიან - ეროვნული უშიშროების საბჭო და საქართველოს მთავრობა. ამასთან, როგორც ცნობილია, კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედების შემდეგ, ეროვნული უშიშროების საბჭოც უქმდება.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის აზრით, იმისათვის, რომ გადაწყვეტილების მომზადების პროცესი უფრო უკეთესი იყოს, საჭიროა ეროვნულ დონეზე ერთიანი ანალიტიკური ცენტრის ჩამოყალიბება.