“ქართული ოცნების” მიერ დაანონსებული საპენსიო რეფორმა მხოლოდ დღევანდელი პენსიონერების მოტყუებას ისახავს მიზნად და ეს რეფორმა უმუშევრობას გაზრდის, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
ჭიაბერაშვილის შეფასებით, დღევანდელ პენსიონერებს, რომლებსაც უკვე მესამე წელია, არ ეზრდებათ პენსია, არსებული რეფორმა არაფერს აძლევს, ხოლო დასაქმებული მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის 25, 35 და თუნდაც 45 წლის განმავლობაში განსახორციელებელი შენატანის მიუხედავად, საპენსიო რეფორმა ე.წ. ღირსეულ პენსიას ვერ უზრუნველყოფს.
“საპენსიო რეფორმა ზრდის საგადასახადო წნეხს ბიზნესზე, რაც შეაფერხებს ეკონომიკურ ზრდას და გაზრდის უმუშევრობას, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, სადაც უმუშევრობის დონე ისედაც მაღალია სხვა ასაკობრივ ჯგუფებთან შედარებით. განსაკუთრებით მძიმე ტვირთად საპენსიო გადასახადი მცირე და საშუალო ბიზნესს დააწვება, რომელსაც დღეს ისედაც ძალიან უჭირს არსებული ეკონომიკური სტაგნაციის პირობებში”, - აცხადებს ჭიაბერაშვილი.
მისი თქმით, ეს რეფორმა ჩრდილში გადაიყვანს ეკონომიკის ნაწილს, რადგან დამსაქმებელი და დასაქმებული იძულებულნი გახდებიან, არაფორმალური შრომითი გარიგებები დადონ, ამან, შესაძლოა, საბიუჯეტო შემოსავლები შეამციროს კიდეც.
ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობას საპენსიო რეფორმა სჭირდება არა საზოგადოების კეთილდღეობისათვის, არამედ საიმისოდ, რომ გაზრდილი ბიუროკრატიული ხარჯი საპენსიო ფონდიდან დააფინანსოს.
”არ არსებობს მსგავსი საპენსიო მოდელის წარმატებული მაგალითი. ქვეყნებში, სადაც ასეთი სქემა ათწლეულების წინ შემოიღეს, დღეს მთავრობები იძულებულნი არიან, ან საპენსიო ასაკი გაზარდონ, ან საპენსიო ფონდების დანაკლისი ბიუჯეტიდან შეავსონ. როგორც წესი, ორივე მეთოდის ერთდროულად გამოყენება უწევთ, რაც ამ ქვეყნებში პოლიტიკურ მღელვარებას, ქაოსსა და ეკონომიკურ კრიზისებს იწვევს”, - აცხადებს ჭიაბერაშვილი.