რეჟისორის თქმით, NDI-ს კითხვა  საქართველოს წინაშე არსებულ რთულ გამოწვევებს არ შეესაბამება

რეჟისორის თქმით, NDI-ს კითხვა საქართველოს წინაშე არსებულ რთულ გამოწვევებს არ შეესაბამება

რეჟისორი გოგა ხაინდრავა  NDI-საქართველოს ოფისის დირექტორის ლორა თორნტონის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება. ხაინდრავას თქმით, ხალხი, სამწუხაროდ, უკვე შეეჩვია ქალბატონი თორნტონის მცდელობას, საკუთარი შეხედულებისამებრ  მოახდინოს ქართული საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება, რაც  ცალსახად ვლინდება მისი ხელმძღვანელობით ჩატარებულ კვლევებსა და გამოკითხვებში. განსაკუთრებით კი  მათ შედეგებში. 

„რეპორტიორთან“ ინტერვიუში გოგა ხაინდრავა აღნიშნავს, რომ საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტისადმი დამოკიდებულება NDI-ს წარმომადგენლის უფლებაა, მაგრამ რეჟისორს საკუთარ ადმინისტრაციასთან ამ დაპირისპირების საქართველოს პოლიტიკურ არენაზე გადმოტანა არადიპლომატიურ და კონტრპროდუქტიულ საქციელად მიაჩნია.
„NDI მსოფლიოში ძალიან ავტორიტეტული და პატივცემული ორგანიზაციაა. მისი სახელით პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიების გამოვლენა, პირველ რიგში, აზიანებს ამ ინსტიტუტის იმიჯს.  თუნდაც უკანასკნელ გამოკითხვაში დასმულ, სრულიად გაუგებარ და ჩემი აზრით, პროვოკაციულ შეკითხვას, რომ აღარაფერი ვთქვათ პასუხების თორნტონისეულ ვერსიაზე. ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო პოტენციალი და სამხედრო მანქანა შეუდარებლად უფრო ძლიერი და გამართულია, ვიდრე რუსეთის, ეს იცის მთელმა მსოფლიომ, რუსეთის ჩათვლით. ამაზე პუტინიც კი არ დავობს და აღიარებს ამას.
თორნტონის კვლევის მიხედვით, ერთადერთი ბნელი ერი, ვინც ამას ვერ ხედავს, ჩვენ ვყოფილვართ, ქართველები. და ეს მაშინ, როდესაც ქართველების კონტრიბუცია საერთაშორისო-სამხედრო მისიებში, ამერიკელებთან ერთად, არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი. ეტყობა, არც ჩვენ და არც ამერიკის სამხედროებს გაეგებათ ამ საკითხებში არაფერი და გაეგება მხოლოდ ქალბატონ თორნტონს და მის ქვეშევრდომებს, ვინც ამ პოლიტიკურად მავნე და ქართველი საზოგადოებისთვის ძალიან მავნე და საზიანო კვლევებს აცხობს“,-აცხადებს ხაინდრავა.
მისი თქმით, NDI-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის განცხადება იმის თაობაზე, რომ ამერიკის პრეზიდენტი საქართველოს რუკაზეც კი ვერ იპოვის და მისი შემდგომი განცხადებაც ,  ვნებს როგორც ამერიკა-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას, ისე NDI-ის რეპუტაციას საქართველოში.

„ვფიქრობ, ქალბატონი თორნტონი უნდა დაფიქრდეს, რამდენად შეესაბამება მისი პოზიცია ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ რთულ გამოწვევებს საერთაშორისო ასპარეზზე. რადგან ნებსით თუ უნებლიეთ, მისი საქმიანობა, მეგობრული,  კეთილგანწყობილი და სტრატეგიული პარტნიორობის გამომხატველი არ არის.

რაც შეეხება ზემოხსენებული კითხვის შეტანას გამოკითხვაში - იქნებ ქალბატონმა თორნტონმა აუხსნას ქართველ საზოგადოებას, რამ განაპირობა ასეთი ინტერპრეტაციით კითხვის დასმა ქართველებისთვის.ჩვენი, ქართველების ღრმა რწმენით უდავო საკითხისადმი, რომ ამერიკა არა მხოლოდ უფრო ძლიერია სამხედრო თვალსაზრისით რუსეთზე, არამედ ჩვენი უპირველესი პარტნიორი, ქომაგი და დამცველია, იმ ურთულეს ვითარებაში, როდესაც ჩვენს სამშობლოს უმოწყალოდ, რუსული, თუნდაც გაუმართავი, მაგრამ აგრესიული და ბოროტი სამხედრო მანქანა ჯიჯგნის.  რომ არა ამერიკის სამხედრო სიძლიერე და მისი უპირობო მხარდაჭერა საქართველოსადმი, რუსეთის ტანკები დიდი ხანია თბილისში იდგებოდნენ“,- აღნიშნავს გოგა ხაინდრავა. 
შეგახსენებთ, რომ NDI-საქართველოს დირექტორმა სოციალურ ქსელში დღეს კიდევ ერთი განმარტება გააკეთა თავის წინა კომენტარზე, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობის კრიტიკა გამოიწვია.
"სოციალურ მედიაში, ჩემს პირად გვერდზე გავაკეთე კომენტარი, რომელიც შეიძლება ინტერპრეტირებულ იქნას, როგორც უსამართლო, საქართველოს ან აშშ-საქართველოს ურთიერთობების მიმართ. ამის გამო ვწუხვარ, ვინაიდან ეს არ ყოფილა ჩემი განზრახვა. მე მჯერა საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზე დაფუძნებული მჭიდრო ურთიერთობების და NDI ერთგულია თავისი საქმიანობის საქართველოში", - წერს NDI-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი.