აკაკი ზოიძე ნარკორეალიზატორებთან მიმართებაში შს სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს მიესალმება

აკაკი ზოიძე ნარკორეალიზატორებთან მიმართებაში შს სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს მიესალმება

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ნარკორეალიზატორებთან მიმართებაში შს სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს მიესალმება. ზოიძის თქმით, სწორედ ასეთი ნაბიჯებით უნდა განხორციელდეს ნარკოტიკის გამსაღებლებთან ბრძოლა. 

”უპირობოდ მისასალმებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს და პირადად ბატონ გიორგი გახარიას მიერ ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები ნარკორეალიზატორებთან და გამსაღებლებთან ბრძოლაში. ახალ ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში სწორად ამას ვგულისხმობთ, რომ სწორედ ასე უნდა გამკაცრდეს ნარკოტიკების გამსაღებლებთან ბრძოლა და ეს ყოველდღიურ რეალობად იქცეს. 
მხოლოდ გამსაღებლებთან უკომპრომისო ბრძოლით, პრევენციაში, განათლებაში და მასობრივ სპორტში ინვესტირებით, ნარკოდამოკიდებულების მკურნალობით და სტიგმის დაძლევით შევძლებთ ჩვენი ქვეყნისთვის ამ უდიდესი ხიფათის დაძლევას”, - განაცხადა დეპუტატმა. 

როგორც ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით, ირანის 2 მოქალაქე თბილისში დააკავა. დაკავებულების პირადი ჩხრეკისას ამოღებულია, დაახლოებით, 1 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი. 

როგორც შსს-ს კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილემ დავით ლაცაბიძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, გამოძიება ასევე ფლობს ინფორმაციას, რომ დაკავებული პირები ნარკოტიკების გავრცელების საერთაშორისო ქსელის შემადგენელ ერთ-ერთ რგოლს წარმოადგენდნენ.