ბრძოლა გაგრძელდება, ვიდრე ყველა ტერორისტს არ გავანადგურებთ ერაყთან ჩვენს საზღვრებამდე

ბრძოლა გაგრძელდება, ვიდრე ყველა ტერორისტს არ გავანადგურებთ ერაყთან ჩვენს საზღვრებამდე

თურქეთის სამხედრო ოპერაცია სირიაში ერაყთან საზღვრამდე გაგრძელდება იმ მიზნით, რომ ტერორისტებისგან მთლიანი სასაზღვრო ხაზი გაიწმინდოს, - აღნიშნული განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააკეთა.

„ოპერაცია „ზეთისხილის ტოტი“ იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მიზანს არ მიაღწევს. ჩვენ მემბიჯსაც გავათავისუფლებთ ტერორისტებისგან, როგორც ვიყავით დაპირებული. ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება, ვიდრე ყველა ტერორისტს არ გავანადგურებთ ერაყთან ჩვენს საზღვრებამდე“, - აღნიშნა ერდოღანმა ანკარაში „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ წევრებთან შეხვედრისას.

აღნიშნული კომენტარი ერდოღანმა ოპერაცია „ზეთისხილის ტოტის“ დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ გააკეთა.

2016 წელს „ისლამური სახელმწიფოსგან“ განთავისუფლების შემდეგ, მემბიჯში აშშ-ს ჯარები დგანან.

ერდოღანმა აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც გააკრიტიკა, მის მიერ გაკეთებული განცხადები გამო, რომლის თანახმად, თურქეთმა ოპერაცია დროის შეზღუდულ პერიოდში უნდა დაამთავროს.

„ჩვენ ნამდვილად დავასრულებდით ამ ოპერაციას დროის მოკლე პერიოდში მოსახლეობაზე რომ არ ვზრუნავდეთ. ვეკითხები მათ, ვინც მოგვიწოდებს ოპერაციის სწრაფად დამთავრებისკენ: რას იზამდით, საზღვრის მეორე მხრიდან თქვენს ქალაქებსა და ეკლესიებს რაკეტები რომ დასცემოდა? როგორი იქნებოდა თქვენი რეაქცია სარაკეტო ცეცხლის გამო თქვენი ხალხი რომ დაღუპულიყო ეკლესიებში ლოცვისას?“ - განაცხადა ერდოღანმა და დაამატა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა სატელეფონო საუბრისას სთხოვა, აშშ არ გაეკრიტიკებინა.

„კარგი, მაგრამ როგორ შეიძლება ასეთი რამე გაუკეთოს ერთმა სტრატეგიულმა პარტნიორმა მეორეს?“ - თქვა ერდოღანმა, რითაც ხაზი გაუსვა აშშ-ს მხარდაჭერას ქურთული დაჯგუფება „სახალხო თავდაცვის ძალებისადმი“, რომელსაც თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

თურქეთმა სამხედრო ოპერაცია „ზეთისხილის ტოტი“ მიმდინარე წლის 20 იანვარს დაიწყო.