აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მეტისმა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და სარაკეტო პროგრამის ირგვლივ შექმნილი პრობლემის გადაჭრაში დიპლომატიის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
აღნიშნული საკითხი აშშ-ს თავდაცვის მდივანმა სამხრეთ კორეელ კოლეგასთან სონ იონ მუსთან ერთად განიხილა.
„აუცილებელია დიპლომატია გამოვიყენოთ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის რიტორიკაზე და მის სახიფათო პროვოკაციაზე“, - განაცხადა აშშ-თავდაცვის მდივანმა.
მისი თქმით, პრობლემის გადაჭრის სამხედრო ვარიანტი საჭიროა იმისათვის, რომ დიპლომატებს „ძალის პოზიციიდან“ შეეძლოთ საუბარი.
„ჩრდილოეთ კორეაზე საერთაშორისო ზეწოლის განხორციელება უნდა გაგრძელდეს. ამავდროულად, ჩვენ მივესალმებით ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის მოლაპარაკებების განახლებას“, - დასძინა მან.