მიხეილ სააკაშვილს შინაპატიმრობის დროდ 22:00 საათიდან 07:00 საათამდე პერიოდი განესაზღვრა

მიხეილ სააკაშვილს შინაპატიმრობის დროდ 22:00 საათიდან 07:00 საათამდე პერიოდი განესაზღვრა

კიევის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე შინაპატიმრობა 22:00 საათიდან 07:00 საათამდე პერიოდში გავრცელდება. ამასთან, სააკაშვილი ვალდებულია ელექტრონული სამაჯური ატაროს.

აღსანიშნავია, რომ გენერალური პროკურატურა სააკაშვილისთვის სადღეღამისო შინაპატიმრობას ითხოვდა. შესაბამისად, სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

მიხეილ სააკაშვილი 2017 წლის 5 დეკემბერს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა.

დაახლოებით ერთი თვის წინ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ კიევში სააკაშვილის მიერ ორგანიზებული აქციები უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის გარემოცვის მიერ იყო დაფინანსებული. უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ასევე გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერები, რომელშიც, მათივე მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილი და მოსკოვში გაქცეული ბიზნესმენი სერგეი კურჩენკო ფიგურირებენ.