თურქეთის სახელმწიფოს მხრიდან არის გარანტია, რომ ჩაბუქთან დაკავშირებით ციხეში პრობლემები არ იარსებებს და ეს გარანტია ჩვენთვის ყურადსაღებია

თურქეთის სახელმწიფოს მხრიდან არის გარანტია, რომ ჩაბუქთან დაკავშირებით ციხეში პრობლემები არ იარსებებს და ეს გარანტია ჩვენთვის ყურადსაღებია

შესაძლოა, გარკვეული პრობლემები არსებობდეს თურქეთის ციხეში, მაგრამ მუსტაფა ემრე ჩაბუქთან დაკავშირებით თურქეთის სახელმწიფოს მხრიდან არის გარანტია, რომ ეს პრობლემები არ იარსებებს. ეს გარანტია არის ძალიან სერიოზული და ყურადსაღები ჩვენთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა განუცხადა.

მისი თქმით, თურქეთის სახელმწიფო, რომელიც არის საქართველოს მეზობელი და მეგობარი, იძლევა დიპლომატიურ გარანტიას, რომ თუ მოხდება ჩაბუქის ექსტრადირება, მოთავსდება ისეთ დაწესებულებაში, სადაც მას არ დაემუქრება წამება.

”ყველა საერთაშორისო ანგარიში თურქეთში 2016 წლის ამბოხების ჩახშობის შემდეგ ამბობდა, რომ თურქეთის ციხეებში იყო ძალიან სერიოზული ადამიანის უფლებების დარღვევები და მათ შორის წამების ფაქტებიც. 2016 წლის ბოლოს ეს ანგარიშები შეიცვალა და ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციები, როგორიც არის გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი წამების საკითხებში, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი, ინგლისის სახელმწიფო ანგარიში, ამბობდნენ, რომ 2016 წლის ბოლოდან მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა და ამ მხრივ ის საგანგაშო ვითარება აღარ არის. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები - Human Rights Watch, Amnesty International გაცილებით უფრო კრიტიკულები არიან ვიდრე სახელმწიფო ორგანიზაციები, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ არანაირი საფუძველი არ გვაქვს არ ვენდოთ თუნდაც წამების საკითხებში გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელს. როდესაც თურქეთის სახელმწიფო, ჩვენი მეგობარი და მეზობელი სახელმწიფო, იძლევა დიპლომატიურ გარანტიას, რომ თუ მოხდება ჩაბუქის ექსტრადირება, მოთავსდება ისეთ დაწესებულებაში, სადაც მას არ დაემუქრება წამება, ასევე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლებს ექნებათ მისი ნახვის საშუალება, ეს ჩვენთვის არის მყარი გარანტია. შესაძლოა, გარკვეული პრობლემები არსებობდეს თურქეთის ციხეში, მაგრამ ამ კონკრეტულ ადამიანთან დაკავშირებით არის გარანტია, რომ ეს პრობლემები არ იარსებებს. ეს გარანტია არის ძალიან სერიოზული და ყურადსაღები ჩვენთვის”,- განაცხადა სუბარმა.

მისივე თქმით, ლტოლვილთა სამინისტრომ ჩაბუქს და მის ოჯახს ლტოლვილის სტატუსი არ მიანიჭა, თუმცა ეს არ გულისხმობს მის ექსტრადირებას.

”გადაცემა არის სხვა უწყებების პრეროგატივა და მასზე მსჯელობა დაიწყება მას შემდეგ, რაც დამთავრდება ლტოლვილის სტატუსთან დაკავშირებით განხილვები. ყოველ შემთხვევაში სასამართლომ გაიზიარა ჩვენი მტკიცებულებები”, - აღნიშნა სუბარმა.

როგორც ცნობილია, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც დემირელის კოლეჯის ყოფილ მენჯერსა და მის ოჯახს საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა.