მოზარდების მიერ ჩადენილ დანაშაულთა რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევის გარეშე, კანონმდებლობის გადახედვას და გამკაცრებას არ ვიჩქარებდი, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა.
“ამ მიმართულებით კანონმდებლობის გადახედვას არ ვიჩქარებდი. პირველ რიგში, გასაკეთებელია ანალიზი და რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევა - კერძოდ, რა რაოდენობით არის არასრულწლოვანთა მიერ დანაშაულები გაზრდილი და ასევე საინტერესოა, რა არის მოტივაცია. დანაშაული მოტივის გარეშე არ არსებობს. არის თუ არა დანაშაულის მოტივი ახალგაზრდული ცუღლუტობა ან თვითდამკვიდრების მიზნით “ბიჭობის“ გამოჩენა - ეს კრიმინალისტიკაში არსებობს როგორც მოვლენა და ამ შემთხვევაში, პირველ რიგში, სწორედ ასეთი კვლევა უნდა გაკეთდეს“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ქუცნაშვილმა.
მისივე თქმით, მოზარდების დანაშაულთა “არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსისათვის“ გადაბრალება არასწორია, მით უფრო კვლევის გარეშე.
“პირიქით, კოდექსის მთელი არსი იმაში მდგომარეობს, რომ გამომდინარე იქიდან, რომ არასრულწლოვანი, რომელიც ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ფსიქიკის მქონე ადამიანია, არ გახდეს მთელი ცხოვრება ტრამვირებული და ერთი შეცდომის გამო არ იქცეს კრიმინალად მთელი ცხოვრების განმავლობაში. 14-15 წლის ასაკში მიყენებული ფსიქოლოგიური ტკივილი არ გადის და შემდგომ ამ ასაკის მოზარდების რესოციალიზაცია ბევრად უფრო რთულია, ვიდრე 20 ან 30 წლის ასაკის ადამიანის“, - აღნიშნა ქუცნაშვილმა.
არსებული ინფორმაციით, ბოლო პერიოდში 14-წლამდე ასაკის ბავშვების მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევებმა იმატა. 14-წლამდე მოზარდებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ ვრცელდება. თავად “არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით“ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკი არ შეცვლილა და ის ისევ 14 წლით განისაზღვრება, როგორც მანამდე იყო.