საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, სერგო რატიანის შეფასებით, არასრულწლოვანი მოქალაქეების მიერ დანაშაულთა ჩადენის ფაქტების შესაძლო მატება, პირველ რიგში, “ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია.
ოპოზიციონერი დეპუტატი გამოსავალს არაძალადობრივი გარემოს შექმნასა და განათლების სისტემის შეცვლაში ხედავს.
“პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ ეს ერთმნიშვნელოვნად არის “ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკის შედეგი. აქ არ იკვეთება მხოლოდ ერთი მიმართულება და ერთი პრობლემა. პირველ რიგში, ეს არის ღირებულებითი პრობლემა, როცა დამნაშავე და დანაშაული “ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკური და სოციალური მოკავშირეა. გვახსოვს, პოლიტპატიმრების თემა და ამ ადამიანების გმირებად გამოცხადება. ამან რასაკვირველია, თავისი შედეგი მოიტანა. გარდა ამისა, სკოლებში მორღვეულია უსაფრთხოების სისტემები და დღეს ამას ფაქტობრივად, ყველა აღიარებს. გარდა ამისა, განათლების სისტემაშიც არის შესატანი ძალიან სერიოზული ცვლილებები - ერთის მხრივ, ეს უნდა იყოს ღირებულებითი საკითხების სიცხადე და მეორე მხრივ, საგანმანათლებლო სივრცე უნდა იყოს არაძალადობრივი. კანონის გამკაცრება არის ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი გამოსავალი იმისთვის, რომ სიტუაცია გამოსწოდეს“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ სერგო რატიანმა.
არსებული ინფორმაციით, ბოლო პერიოდში 14-წლამდე ასაკის ბავშვების მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევებმა იმატა. 14-წლამდე მოზარდებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ ვრცელდება.