ტაქსის მძღოლები მუშაობენ ოჯახების გადასარჩენად და როდესაც დამატებით გადასახადებს აწესებ, ეს უბრალოდ დაუშვებელია, - ასე აფასებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია თბილისის მერიის გადაწყვეტილებას ქალაქში მოძრავი ტაქსებისთვის სავალდებულო რეგისტრაციის შესახებ.
როგორც ნიკა მელიამ ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ცდილობს დამატებითი გადასახადების დაწესებით საბიუჯეტო თანხების მობილიზებას.
”ქართული ოცნება“ საბიუჯეტო თანხების მობილიზებას ცდილობს. იმ ადამიანების 90 პროცენტი, ვინც ტაქსის მძღოლად მუშაობს, უბრალოდ გადარჩენისთვის იბრძვიან. როდესაც ხალხი ამ ქვეყნიდან ისედაც გაქცევაზეა და როდესაც დამატებით გადასახადებს აწესებ, ეს უბრალოდ დაუშვებელია. სამუშაო ადგილები შეიქმნას და ტაქსის მძღოლები თავად მოითხოვენ სამუშაო პირობების გაუმჯობესებას”, -განაცხადა ნიკა მელიამ.
იგი ქალაქის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის სხვა საკითხებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კალაძეს ახსოვს მხოლოდ საკუთარი უფლებები და არ ახსოვს საკუთარი მოვალეობები.
”ეს ის შემთხვევაა, როდესაც კალაძეს ახსოვს მხოლოდ საკუთარი უფლებები და არ ახსოვს საკუთარი მოვალეობები. კარგია, როდესაც ამბობს, რომ პრიორიტეტია ქალაქის საცობებისგან განტვირთვა, თუმცა მას უნდა ესმოდეს რომ თბილისზე გამავალი მაგისტრალის დატვირთვა გაზრდილია, ვინაიდან ქალაქის შემოვლითი საავტომობილო გზა არის დანგრეული. შესაბამისად, სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს სხვა გზა არ გააჩნიათ თუ არა შემოვიდნენ საცობებით დატვირთულ ქალაქში.
კახი კალაძე ამბობს, რომ თუ შემოხვალთ 20 ლარის ნაცვლად გადაგახდევინებთ 500 ლარსო, არადა პასუხისმგებლობის მქონე მერი ჯერ შემოვლითი გზის რეაბილიტაციას ჩაატარებდა და შემდეგ დაუწყებდა მძღოლებს მაგიდაზე ხელების ბრახუნს.
მთავარია, რომ ზოგადად ხელისუფლებამ ეკონომიკა ჩამოშალა და ახლა ცდილობს რომ ხალხისგან კიდევ უფრო მეტი ფული ამოიღოს და ასე მოახდინოს საბიუჯეტო თანხების მობილიზება. ჯარიმები იზრდება ყველა მიმართულებით”, -განაცხადა ნიკა მელიამ.