ნაცვლიშვილის აზრით, სასამართლომ ქვეყანას პოლიტიკური წნეხის მოხსნით უნდა უმკურნალოს

ნაცვლიშვილის აზრით, სასამართლომ ქვეყანას პოლიტიკური წნეხის მოხსნით უნდა უმკურნალოს

მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილის ლაშა ნაცვლიშვილის თქმით, მოსამართლეების მიმართ რეფორმების გატარების ორი მიდგომა არსებობს.

როგორც ნაცვლიშვილმა „იმედის“ ეთერში აღნიშნა, ან საკადრო რევოლუცია, ან გერმანული გზა.

„მე ვფიქრობ, რომ ეს არის ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი. ან შენ აკეთებ საკადრო რევოლუციას - გადახნავ სასამართლოს, დაიჭერ ყველას ჩემიადან მურუსიძემდე, რაც ჩემი აზრით აბსოლუტურად არ იყო ძნელი, ეს ჩვენ გაგვივლია. ეს გზა გაიარა პრეზიდენტმა სააკაშვილმა და მივედით ჩემიამდე.  და არის მეორე გზა - ეს არის გერმანული გზა. გირგვლიანის საქმეზე იმ 9 ბრალდებულის გასამართლება ჩვენი არაფორმალური ნიურნბერგია. გერმანული გზა იყო დენაციფიკაციის პროცესში მოსამართლეების დაუსჯელობა და მათი შენარჩუნება. ეს არის ძალიან რთული გზა. წარმოიდგინეთ, გერმანულმა ნაციამ შეძლო არათუ თანაეცხოვრა ნაცისტური გერმანიის დროინდელ მოსამართლეებთან, არამედ მიეღოთ მათგან ვერდიქტები და ეს ჩაითვალა კანონიერად, დასაბუთებულად. ჩვენ მივდივართ ამ გზით. თუმცა ყველაზე ნაკლები როლი, ყველაზე ნაკლები ბრალეულობა, სამართლებრივი ბრალეულობა არც ერთი მოსამრთლის არ იყო და ის რომ მორალური ბრალეულობაა, ყველას ჩვენი ჩონჩხები გვაქვს კარადაში და ეს ხალხი, რომლებზედაც ახლა ჩვენ ვილაპარაკეთ, დარმწუნებული ვარ რომ თვითონაც არ თვლიან ამ გადაწყვეტილებას საუკეთესოდ. მაგრამ ჩვენი საერთო მომავლისთვის, იმისთვის, რომ მე და თქვენ შვილებს ეს არ დაემართოს, რაც გირგვლიანს დაემართა, ამისთვის  უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი სასამართლო და ვუმკურნალოთ მას არა რევოლუციით და ბულდოზერების გადატარებით, არამედ პოლიტიკური წნეხის მოხსნით“,- აღნიშნა ლაშა ნაცვლიშვილმა.