ენ-დი-აის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლორა თორნტონმა, პუშკინის ქუჩაზე, პარკირებასთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებაზე საზოგადოებრივი კვლევის შედეგები ტელეკომპანია იმედის ეთერში, გადაცემაში „პირისპირ“ განიხილა.
ლორა თორნტონისთვის აბსოლუტურად გასაგებია, რომ დედაქალაქში პარკირების პრობლემა დგას. ინვესტორები არ იჩენენ ინტერესს არა მხოლოდ მიწისქვეშა, არამედ მიწისზედა პარკირების მოსაწყობადაც მისი არამომგებიანობიდან გამომდინარე.
„რა თქმა უნდა, ვიცი, რომ ეს პრობლემა დედაქალაქში დგას და თბილისში პარკირების პრობლემა დღითიდღე მწვავდება. მართალია, ეს საკითხი კვლევაში არ შეგვიტანია, თუმცა, ვფიქრობ, რომ პარკირების თემა ძალიან ლეგიტიმური საკითხია კვლევაში გამოსაყენებლად,“ - ამბობს ლორა თორნტონი.
NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი კვლევაში შეტანილ იმ შეკითხვას განმარტავს, რომელიც დედაქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებას ეხება, რომლის მიხედვითაც, პუშკინის ქუჩაზე არსებული 1900 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი 1 ლარად გადაეცა შპს „თბილის სიტის“. კვლევის შედეგად, თბილის საკრებულოს გადაწყვეტილება გამოკითხულთა 73%-სთვის მიუღებელი აღმოჩნდა. თუმცა, ადამიანების ნაწილი, რომელიც კვლევის შედეგებით უკმაყოფილოა, განმარტავს, რომ კითხვის ფორმულირება არასწორი იყო და არსობრივად არ შეესაბამებოდა სიმართლეს, რადგან საკრებულოს გადაწყვეტილებით მოხდა არა მიწის ნაკვეთის გადაცემა, არამედ, მიწის ქვეშა ფართობის ათვისების უფლება პარკირების მოწყობის მიზნით და მეორე, ამ უფლებას თან ახლავს ერთი მილიონი ლარის საინვესტიციო ვალდებულება.
„მე მგონია მიწისქვეშა პარკინგიც, ასევე, არის მიწა, ანუ მიწის ნაწილია და ეს შეკითხვა, სხვების მსგავსად, პარტნიორებთან და NGO-ებთან კონსულტაციების შედეგად ჩამოყალიბდა. ჩვენ შევხვდით როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ისე, პარლამენტის წევრებს იმისთვის, რომ კითხვის ზუსტი და მარტივი ფორმულირება გაგვეკეთებინა. ეს ფორმულირება აღებული იქნა სხვადასხვა რეპორტებიდან. გვინდოდა ყოფილიყო მაქსიმალურად მარტივი, არამიმანიშნებელი და მარტივად გადმოსაცემი,“ - განმარტავს ლორა თორნტონი.
მისივე თქმით, ეს იმ პერიოდში საკმაოდ სპეკულირების თემა იყო და თბილისის საკრებულოს ამ გადაწყვეტილების შესახებ დედაქალაქის მოსახლეობა საკმაოდ ინფორმირებული იყო:
„ პირნციპში, როგორც ჩანს, თბილისში ბევრმა ადამიანმა იცოდა ამ პროცესის შესახებ, ძალიან ბევრმა გაგვცა ამ კითხვაზე პასუხი. რთულია კითხვაში ყველა დეტალი გაითვალისწინო, თუმცა, მაქსიმალურად ვცდილობთ, მოსახლეობას გასაგებად მივაწოდოთ კითხვარი. ხშირად, ძალიან გრძელი დასკვნების ინფორმაციის მიწოდება მიზანშეწონილი არ არის,“ - აღნიშნავს ლორა თორნტონი.