მიხეილ რამიშვილის განცხადებაზე რეაგირება წმინდა სინოდის გადასაწყვეტი საკითხია

მიხეილ რამიშვილის განცხადებაზე რეაგირება წმინდა სინოდის გადასაწყვეტი საკითხია

პატრიარქის მდივნის, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განცხადებაზე რეაგირება წმინდა სინოდის გადასაწყვეტი საკითხია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა. 

პატრიარქის მდივანმა საუბრისას დაადასტურა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა საპატრიარქოს კანცელარიაში განცხადება გუშინ შეიტანა, რომლითაც ის სინოდს მიმართავს. 

„ვადასტურებ, რომ მოქალაქე მიხეილ რამიშვილმა საპატრიარქოში შემოიტანა განცხადება, რომელიც ბოდბელ ეპისკოპოს მეუფე იაკობს შეეხება და ამიტომ, ის ამაზე სინოდისგან რეაგირებას ითხოვს. თუ როგორი იქნება რეაგირება, ამასთან დაკავშირებით მე განცხადებას ვერ გავაკეთებ, რადგან ეს წმინდა სინოდის გადასაწყვეტი საკითხია“, - განაცხადა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა. 

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ბოდბელ ეპისკოპოს იაკობს მის მიმართ ცილისმწამებლური განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს. საუბარია გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე, რომელშიც მეუფე იაკობმა რამიშვილს გირგვლიანების ოჯახში „ჩანერგილი“ პირი უწოდა.