ლაშა ნაცვლიშვილი: „რუსთავი 2

ლაშა ნაცვლიშვილი: „რუსთავი 2"-ის ეთერში სააკაშვილის ადვოკატი გიორგი მარგველაშვილი ლაპარაკობდა!

საქართველოს გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი  პრეზიდენტის მიერ  მართლწესრიგის საბოტაჟზე საუბრობს.

მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილისა და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ერთობლივი კამპანია, რომელსაც მარგველაშვილის ინაუგურაციიდან დღემდე  აწარმოებდა, რუსთავი-2-თან მისმა  ინტერვიუმ დაადასტურა.

„ამ ინტერვიუმ ყველაზე სკეპტიკური ანალიტიკოსებისთვისაც კი უეჭველი გახადა, რომ ეკრანიდან ლაპარაკობდა მიშა სააკაშვილის ყველაზე მაღალანაზღაურებადი, ფორმალურად ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის მქონე და უღირსობისთვის კონსტიტუციური ხელშეუხებლობით აღჭურვილი ადვოკატი - გიორგი მარგველაშვილი, ექსპრეზიდენტის უკანასკნელი დასაყრდენი საქართველოში, მისი „ადგილმონაცვლე", და მისი რევანშის გეგმის მთავარი რგოლი. ეს ინტერვიუ მარგველაშვილის აღიარებითი ჩვენება, მისი სრული ლუსტრაცია იყო",- აცხადებს ნაცვლიშვილი.

მისი თქმით,  რუსთავი2-ის სტუდიაში  პრეზიდენტის  მისვლის ერთადერთი მიზანი იყო ქართული და საერთაშორისო საზოგადოებისთვის  ეთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ქართულმა მართლმსაჯულებამ გირგვლიანის საქმეზე უკანონოდ გაასამართლა.

„კაცობრიობის ისტორიაში არ არსებობს პრეცედენტი, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ასე აკნინებდეს საკუთარ სახელმწიფოს და აკრიტიკებდეს სასამართლოს განაჩენს, რომელიც არც წაუკითხავს, რადგან ის ჯერ არ გამოქვეყნებულა: გემახსოვრებათ, „ცისფერი მთების" პერსონაჟი წაუკითხავად ეთანხმებოდა „გამყრელიძის დასკვნას", ეს კი წაუკითხავად გმობს",- აღნიშნა ნაცვლიშვილმა.