თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ განიხილა და მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თიანეთის მერმა თამაზ მეჭიაურმა განუცხადა. მისი თქმით, კომისიამ ბიუჯეტის პროექტი გაიზიარა, დასამტკიცებლად კი საკრებულოს 22 იანვარს გაეგზავნება. თიანეთის მერი იმედოვნებს, რომ საკრებულო 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარს დაუჭერს.
„კომისიამ განიხილა და დადებითი დასკვნა გასცა. რაც შეეხება თიანეთის საკრებულოს, ის ბიუჯეტის პროექტს ორშაბათს განიხილავს. თვითონ ის ფაქტი, რომ ისინი უკვე წამოვიდნენ აღნიშნული ბიუჯეტის განხილვისკენ, მიანიშნებს, რომ უმრავლესობის ზოგიერთ წარმომადგენელში საღმა აზრმა გაიღვიძა და მათმა პარტიულმა ხელმძღვანელობამ მეტი ყურადღება დაუთმო აქ მიმდინარე მოვლენებს. ორშაბათისთვსი მაქვს დადებითი მოლოდინი. უმჯობესი იქნებოდა, რომ დღეს გასულიყო პროექტი საკრებულოს სხდომაზე, თუმცა, უარესს უკეთესი ჯობია და უკეთესი არის ის, რომ ამ ეტაპზე მაინც დადებითად გადაწყდეს ეს“, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
როგორც ცნობილია, თიანეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი ორჯერ იქნა დაწუნებული, რასაც თამაზ მეჭიაური „ხელოვნურად მართულს“ უწოდებდა. თიანეთის მერი მანამდე აცხადებდა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი საკრებულო ბიუჯეტს მარტის ბოლომდე არ დაამტკიცებდა, გამორიცხული არ იყო, რიგგარეშე არჩევნები დანიშნულიყო.