ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 60% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ქართული ტელეარხები ხშირად ავრცელებენ დეზინფორმაციას.
კითხვაზე, ეთანხმებით თუ არ ეთანხმებით შემდეგ მოსაზრებას, რომ ქართული ტელეარხები ხშირად ავრცელებენ დეზინფორმაციას, გამოკითხულთა 60% აცხადებს, რომ ეთანხმება, 24% - არ ეთანხმება, ხოლო 16% აცხადებს, რომ არ იცის.
ამასთან, გამოკითხულთა 51% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ქართული ონლაინ მედია საშუალებები ხშირად ავრცელებენ დეზინფორმაციას, გამოკითხულთა 19% იგივე მოსაზრებას არ ეთანხმება, ხოლო 30%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.
გარდა ამისა, გამოკითხულთა 43% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ქართული ბეჭდური მედია (გაზეთები, ჟურნალები) ხშირად ავრცელებს დეზინფორმაციას, 19% - იგივე მოსაზრებას არ ეთანხმება, ხოლო 38%-მა - არ იცის.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9%.