ნუკრი ქანთარია საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით ცვლილებებს მხარს არ უჭერს, თუმცა არც პრეზიდენტის შენიშვნებისთვის აპირებს ხმის მიცემას

ნუკრი ქანთარია საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით ცვლილებებს მხარს არ უჭერს, თუმცა არც პრეზიდენტის შენიშვნებისთვის აპირებს ხმის მიცემას

უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია საზოგადოებრივ მაუწყებლეთან დაკავშირებით კანონში შეტანილ ცვლილებებს მხარს არ უჭერს, თუმცა არც პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებისთვის აპირებს ხმის მიცემას. 

ქანთარიას თქმით, დეპუტატთა ის ნაწილი, რომელმაც კანონპროექტს ხმა არ მისცა, სავარაუდოდ, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაში მონაწილეობას არ მიიღებს. ქანთარია არც იმას გამორიცხავს, რომ უმრავლესობაში შეთანხმება შედგეს. 

“მაუწყებლობის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებებისთვის ხმა არ მიმიცია. პროექტის მიმართ შენიშვნები მეც მქონდა. განხილვის დროს ვამბობდი, რომ ცვლილებები, რომელიც კანონში აისახა, შეიძლება გარკვეული ვადით გაკეთებულიყო. თუკი საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ ეს ცვლილებები აკლიათ და შემდეგ ძალიან მაგარი ტელევიზია იქნება, შეიძლება კომერციულ რეკლამასთან თუ სტარტაპებთან დაკავშირებული ცვლილება ერთი წლით ან წელიწადნახევრიანი ვადით მიგვეღო. ეს არ გაითვალისწინეს და ამიტომ კანონპროექტს ხმა აღარ მივეცი. ვფიქრობ, უმრავლესობაში კიდევ ერთი განხილვა გაიმართება, მოხდება საკითხის აწონ-დაწონვა და გადაწყვეტილება ხელაღებით არ იქნება მიღებული“,- განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ნუკრი ქანთარიამ. 

პრეზიდენტმა “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო. მან პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტთან მიმართებაში ორ საკითხზე გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ეხება ერთი მხრივ, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული რეკლამის განთავსების უფლების მინიჭებას და ასევე, შესყიდვებთან დაკავშირებულ ცვლილებას.