ბათუმის ხელოვნების ცენტრში სულ მალე მორიგი მასშტაბური მიუზიკლის პრემიერა გაიმართება. ისევე როგორც "ქეთო და კოტეში", ამ სპექტაკლშიც მთავარ როლს სოფო ნიჟარაძე შეასრულებს. ხელოვნების ცენტრის სცენაზე მიუზიკლ "ვერისუბნის მელოდიების" პრემიერა აგვისტოშია დაგეგმილი და შემოქმედებითი დასიც ყოველდღიურად მუშაობს.
გათანამედროვებული "ვერისუბნის მელოდიების" რეჟისურაზეც, გავრცელებული ინფორმაციით, დათო დოიაშვილი იზრუნებს, თუმცა ოფიციალურად ახალი სპექტაკლის დეტალებზე ჯერჯერობით არავინ საუბრობს. სოფო ნიჟარაძემ სოციალურ ქსელში უკვე გამოაქვეყნა რეპეტიციის ამსახველი ორი ფოტო. მიუზიკლში სოფო ნიჟარაძესთან ერთად ქეთათო ჩარკვიანი, ნოდიკო ტატიშვილი, სტეფანე მღებრიშვილი, სალომე ჭაჭუა, გიორგი ვარდოსანიძე, სამორი ბალდე და სხვა ცნობილი მოცეკვავეები, მსახიობები და მომღერლები მონაწილეობენ. როგორც ამბობენ, "ვერისუბნის მელოდიებიც" "ქეთო და კოტეს" მსგავსად უხვბიუჯეტიანი იქნება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, დაახლოებით რა თანხა დაიხარჯება მის შესაქმნელად. დეტალების გასარკვევად მომღერალ ნოდიკო ტატიშვილს დავუკავშირდით:
- ნოდიკო, როდისთვის იგეგმება "ვერის უბნის მელოდიების" პრემიერა ბათუმში?
- მკაცრად გაგვაფრთხილეს, რომ ჯერჯერობით კომენტარისგან თავი შევიკავოთ, ამიტომ ვერაფერს გეტყვით.
P.S. ხელისუფლებას ძალიან მოსწონს მიუზიკლები და მათში სოლიდური თანხების დახარჯვაც არ ენანება, გახმაურებული "ქეთო და კოტეს" (რომლის მხოლოდ ერთი კაბა რამდენიმე ათასი ლარი დაჯდა) შემდეგ რუსთაველის თეატრში მიუზიკლი "ოლივერ ტვისტიც" დაიდგა. ითქვა, რომ ამ მიუზიკლზე 200 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა, თუმცა მაყურებლის მოწონება ვერ დაიმსახურა. გაიზიარებს თუ არა "ვერისუბნის მელოდიები" წინამორბედი მიუზიკლების ბედს, პრემიერის შემდეგ შევიტყობთ.