პროკურატურის განცხადებით, პაატა ბურჭულაძის დაკითხვის გადაწყვეტილება არ შეუცვლიათ და საკითხი კვლავ დღის წესრიგში დგას

პროკურატურის განცხადებით, პაატა ბურჭულაძის დაკითხვის გადაწყვეტილება არ შეუცვლიათ და საკითხი კვლავ დღის წესრიგში დგას

მთავარი პროკურატურის განცხადებით, ფონდ „იავნანას“ დამფუძნებლის, პაატა ბურჭულაძის დაკითხვის გადაწყვეტილება არ შეუცვლიათ და საკითხი კვლავ დღის წესრიგში დგას.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში ბურჭულაძის ადვოკატის განცხადების საპასუხოდ განუცხადეს, პროკურატურა ელოდება პაატა ბურჭულაძის საქართველოში ჩამოსვლას, რა შემთხვევაშიც მაგისტრატ მოსამართლეს მის დაკითხვასთან დაკავშირებით შუამდგომლობით მიმართავს.

“ფონდ „იავნანას“ კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხის შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ფონდის დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე, კანონით დადგენილი წესით, მისი ოჯახის წევრისა და ადვოკატის მეშვეობით, ორჯერ იქნა გამოძახებული საქართველოს მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით, თუმცა ორივე შემთხვევაში მან უარი განაცხადა საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებასა და პროკურატურაში ჩვენების მიცემაზე. პროკურატურა დაელოდება პაატა ბურჭულაძის საქართველოში ჩამოსვლას და ჩამოსვლის შემთხვევაში, მიმართავს შუამდგომლობით მაგისტრატ მოსამართლეს მის დაკითხვასთან დაკავშირებით”, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ მთავარ პროკურატურაში.

როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განაცხადა, რომ ბურჭულაძე მზად იყო ყველა კითხვაზე პასუხი გაეცა, თუმცა გამომძიებელმა შეატყობინა, რომ ამ ეტაპზე მისი დაკითხვის საჭიროება აღარ დგას.