ფედერიკა მოგერინიმ აშშ-ს მიერ კუბის წინააღმდეგ დაწესებული ემბარგოს პოლიტიკა გააკრიტიკა

ფედერიკა მოგერინიმ აშშ-ს მიერ კუბის წინააღმდეგ დაწესებული ემბარგოს პოლიტიკა გააკრიტიკა

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ აშშ-ს მიერ კუბის წინააღმდეგ დაწესებული ემბარგოს პოლიტიკა გააკრიტიკა.

„ბლოკადა უკანონო და მოძველებული საშუალებაა. ევროპელები ხშირად ვეუბნებით ამის შესახებ ამერიკელებს“, - განაცხადა მოგერინიმ კუბაში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში.

მისი თქმით, ემბარგოს ერთადერთი შედეგი რიგითი კუბელების ცხოვრების გაუარესებაა.

„იმათგან განსხვავებით, ვინც კედლებს აშენებს და კარებს კეტავს, ჩვენ, ევროპელები, თანამშრომლობისა და დიალოგის ხიდებს ვაშენებთ და კარებს ვაღებთ“, - აღნიშნა მოგერინიმ.

აღსანიშნავია, რომ მრავალწლიანი კონფრონტაციის შემდეგ აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ორი ქვეყნის დაახლოების კურსი გამოაცხადა. 2015 წელს ვაშინგტონსა და ჰავანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები აღდგა. თეთრ სახლში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ კი ორმხრივი ურთიერთობები კვლავ გაუარესდა. კერძოდ, ნოემბერში ტრამპმა კუბის თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს დაქვემდებარებულ ფირმებთან ხელშეკრულებების გაფორმება აკრძალა.