საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ილია მეორეს დაბადების დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ მან ფასდაუდებელი შრომა გასწია ერისთვის 40 წლის განმავლობაში.
"დღეს ჩვენი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადების 85 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მინდა მოვიხარო ქედი მისი უწმინდესობის იმ ფასდაუდებელი და თავდადებული მოღვაწეობისთვის, რომელიც მან ჩვენი ქვეყნისა და ერისთვის 40 წლის განმავლობაში გასწია", - აცხადებს პრემიერი.
მისივე თქმით, ბედნიერია ერი, რომელსაც ასეთი სულიერი წინამძღოლი ჰყავს.
"მისი ლოცვითა და დაუღალავი შრომით, აღსაყდრების დღიდან დღემდე აღდგა, განახლდა და აშენდა უამრავი ეკლესია-მონასტერი; მისი ქადაგება კი, სათნოების, შემწყნარებლობის, მოყვასისა და სამშობლოს სიყვარულის, პატიოსნებისა და შრომისმოყვარეობის, განათლებისადმი სწრაფვის მოწოდებაა, რაც ასე სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ნამდვილად ბედნიერია ერი, რომელსაც ასეთი სულიერი წინამძღოლი ჰყავს.მინდა, ვუსურვო მის უწმინდესობას დღეგრძელობა, ჯანმრთელობა და კიდევ დიდხანს მოღვაწეობა ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაბადების დღეა. პატრიარქს 85 წელი შეუსრულდა.
ილია II - ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი 1933 წლის 4 იანვარს ჩრდილოეთ ოსეთში, ორჯონიკიძეში დაიბადა.