მოსამართლე სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის განაჩენის გამოსატანად გავიდა

მოსამართლე სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის განაჩენის გამოსატანად გავიდა

სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმის სასამართლო განხილვა დასრულდა. მოსამართლე გიორგი არევაძე განაჩენის გამოსატანად, სათათბიროდ გავიდა. მანამდე კი სასამართლოს დასკვნითი სიტყვით დაცვის მხარემ მიმართა. ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, რომელიც მას სახელმწიფოს ხარჯზე იცავს, სასამართლოს ის არგუმენტაცია გააცნო, რის საფუძველზეც აღნიშნულ საქმეზე მის გამართლებას ითხოვს.

როგორც სოფიო გოგლიჩიძის დასკვნით სიტყვაში იყო აღნიშნული, საქმეში არ დევს არავითარი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც სააკაშვილის ბრალეულობას დაადასტურებდა. გარდა ამისა, სოფიო გოგლიჩიძემ აღნიშნა, რომ მოწმეთა ჩვენებები არასანდო იყო და მათი უმეტესობა ყოფილი პრეზიდენტის მიმართ პოლიტიკურად მტრულადაა განწყობილი.

ადვოკატის დასკვნითი სიტყვის შემდეგ სასამართლოზე განცხადება პროკურორმა გააკეთა და მოსამართლეს მიმართა, რომ განაჩენის გამოტანისას შეეფასებინა ყველა მტკიცებულება.

„სასამართლოს მივმართავთ განცხადებით, რომ ყველა მტკიცებულება განიხილოს და როდესაც სასამართლო გავა გადაწყვეტილების გამოსატანად. სასამართლოს ვთხოვთ აღნიშნული მტკიცებულებები განხილული იყოს ერთიან ჯაჭვად როგორც ირიბი, ისე დოკუმენტური, ისე პირდაპირი ჩვენებები და მხოლოდ მას შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება“, - განაცხადა საქმის პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა.